სტანისლავ ბელკოვსკი: ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენლობიდან უნდა გავუშვათ

  09:10:12     18-06-2012

ჟურნალ „სობესედნიკის“ ბოლო ნომერში (2012 წლის 13 ივნისი), რუსმა პოლიტოლოგმა, ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ეროვნული სტრატეგიის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, სტანისლავ ბელკოვსკიმ სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი ღრმა რწმენით, რუსეთმა ჩეჩნეთი ფედერაციის შემადგენლობიდან უნდა გაუშვას.

როგორც ის აცხადებს, ძალიან უყვარს, როცა მას გავლენიანი ხალხი მხარს უჭერს. თუმცა, როგორც ეს მას სურს, ისე ხშირად არ ხდება, მაგრამ, მისივე მტკიცებით, ამ დღეებში მის მხარეს აღმოჩნდა თავად ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვიც კი.

ამის დასტურად ბელკოვსკის მოჰყავს ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატთა გადაწყვეტილება, რომლებმაც გუბერნატორების (ფედერაციის სუბიექტთა ხელმძღვანელების) არჩევის შესახებ ახალი ფედერალური კანონის აღიარებაზე უარი თქვეს. რა დასახელდა ამის მოტივად? ის რომ კანონი ერთი და იგივე პიროვნებას ორზე მეტჯერ ზედიზედ გუბერნატორის (ფედერაციის სუბიექტთა ხელმძღვანელის) პოსტის დაკავებას უკრძალავს. რამზან კადიროვს კი სურს ჩეჩნეთი მუდმივად მართოს მანამ, სანამ, როგორც, ბელკოვსკი ამბობს, ალაჰი არ ეტყვის, მაგალითად, რომ ფული დამთავრდა.

ჩეჩენმა პარლამენტარებმა პირდაპირ განაცხადეს: ფედერალური კანონების შესრულებისას გასათვალისწინებელია „სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის, ნაციონალური რესპუბლიკების, თავისებურებანი და რუსეთის კანონები შესრულდეს სრულიად რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეთანხმებით. ეს  კი იმას ნიშნავს, რომ, კადიროვის თანამებრძოლთა მოსაზრებით, ჩეჩნეთის კანონები ფედერალურზე მაღლა დგას. რაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასა და სამართლის ყველა დასაშვებ ნორმებს ეწინააღმდეგება და ამასთან ერთად, თავად ფედერალური სახელმწიფოს იდეასაც.

ბელკოვსკი აცხადებს, ის მოხარულია, რომ ასე მოხდა. „მე ხომ დიდი ხანია ვამბობდი, რომ ჩეჩნეთი, ფაქტობრივად, რუსეთის პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის მიღმა იმყოფება და ის ამ საზღვრებში არასოდეს  დაბრუნდება. კარგია, რომ ჩეჩენ პარლამენტართა განცხადება დაემთხვა სააგენტო „აპნ სევერო–ზაპად“–ისთვის მიცემული ჩემი ხმაურიანი ინტერვიუს პუბლიკაციის წლისთავს, რომელშიც მე შევთავაზე: მოდით, გავუშვათ ჩეჩნეთი,  ანუ მივცეთ თავისუფლება მას სხვა ჩრდილოეთ კავკასიურ მუსულმანურ რეგიონებთან ერთად“ – წერს ბელკოვსკი.

ამის შემდეგ, პოლიტოლოგი თავის მსჯელობებში უფრო შორს მიდის – „დროა, ვაღიაროთ: 1817 წელს დაწყებული კავკასიური ომი რუსეთმა წააგო. ჩეჩნეთზე, ინგუშეთსა და დაღესტანზე კონტროლის დამყარება ვერ მოხერხდა და ისტორიულ პერსპექტივაში, ეს კონტროლი უფრო მეტად კი არ მყარდება, არამედ პირიქითაა, მისი ზონა ნულამდე დადის.

რა თქმა უნდა, ეს რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციიდან წასვლას არც აპირებენ, სანამ მათთვის ფედერალური ბიუჯეტიდან პლატინის წვიმა მოედინება. სანამ უსასრულოდ გამოიყოფა მილიარდები ჩეჩნეთისა და მითიური „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების“ აღსადგენად, საიდანაც, როგორც დაპირებულია, ავტომატების ჯერის აკომპანენტების თანხლებით, მთებზე თხილამურებით ისრიალებენ ფრანგები და გერმანელები.

მაგრამ რას იზამ! იმპერიები ირღვევიან და თავისუფლებაში უშვებენ განაპირა ნაციონალურ წარმონაქმნებს. ამიტომაც, ეს ყველასათვის კარგი ხდება: მეტროპოლიებისთვისაც და განაპირა ნაციონალური წარმონაქმნებისთვისაც. კაცობრიობის მთელი ისტორია ამის ნათელი მაგალითია. ერთხელ მაინც ვისწავლოთ ისტორიისგან? ან, როგორც ყოველთვის?“, – კითხულობს ბელკოვსკი.