რუსული გემები, გადაუდებელი კონსულტაციები და შეწყვეტილი სადამკვირვებლო მისია სირიაში
08:33:02     18-06-2012
სირიაში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰომსის მოსახლეობა, რომელიც ოპოზიციის თქმით, ბოლო დღეებში სამთავრობო ჯარების მასირებული შეტევის ობიექტია, სასწრაფოდ ევაკუაციას საჭიროებს, რადგან გარდა იმისა, რომ მათი სიცოცხლე ამ თავდასხმების გამოა საფრთხეში, ადამიანებს არ აქვთ პირველადი საჭიროების საგნებსა და საკვებზე წვდომა.
სირიის ადამიანის უფლებათა ნაციონალური ცენტრი 1000-ზე მეტი ოჯახის ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
თეთრმა სახლმა საერთაშორისო პარტნიორებთან სირიის შესახებ სასწრაფო კონსულტაციები დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაეროს დაკმვირვებელთა მისიამ სირიაში მუშაობა შეაჩერა. მისიის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა გენერალმა რობერტ მუდმა განაცხადა, რომ „ბოლო 10 დღის განმავლობაში შეიარაღებული ძალადობის გააქტიურების გამო, რაც დიდ რისკს წარმოადგენს მისიისთვის, დამკვირვებლები წყვეტენ პატრულირებას“. მუდის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაციის სურვილი არცერთ დაპირისპირებულ მხარეს არ აქვს.
ამის შემდეგ თეთრი სახლი „კრიტიკულ სიტუაციაზე“ ალაპარაკდა და კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტნიორებთან მომავალ ნაბიჯებზე იქნება მსჯელობა.
ყოველდღიურად ახალ-ახალი მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გუშინ დისიდენტებმა კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში „შეიარაღებული სამშვიდობოების“ შეყვანას სთხოვენ და უკმაყოფილო არიან გაეროს მისიის მუშაობის შეჩერებით, რაც მათი თქმით, ასადის რეჟიმს კიდევ უფრო მეტი აგრესიის გამოვლენის საშუალებას მისცემს. ოპოზიცია გაეროსგან სირიის პროცესებში სასწრაფო ჩარევას, რეზოლუციის მიღებას და ორგანიზაციის დამკვირვებლების შეიარაღებას მოითხოვს.
გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება მზადაა დაეხმაროს სირიის ოპოზიციას, გახდეს „ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა“.
ამის პარალელურად ამ დღეებში რუსული მედია რუსეთის გენშტაბში გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე საბრძოლო ხომალდი უკვე მზადყოფნაშია, რათა საჭიროების შემთხვევაში სირიისკენ დაიძრას.
„იმასთან დაკავშირებით, რომ ხმელთაშუა ზღვა ჩვენი შავი ზღვის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაშია, სრულიად რეალურია, რომ საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ხომალდები იქ, ტარტუსში მდებარე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის უსაფრთხოების დასაცავად წავლენ “ - განაცხადეს გენშტაბში.
სრულ მზადყოფნაშია და ზღვაში გასვლის ბრძანებას ელოდება რამდენიმე გემი, მათ შორის, დიდი სადესანტო ხომალდები, რომელთა ბორტებზეც საზღვაო ქვეითთა დანაყოფებია განთავსებული.
თუმცა გენშტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტარტუსისკენ უკვე გაემართა რუსეთის ერთი სამხედრო გემი. ამასთან, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ვლადიმერ გრადუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზად არიან დაიცვან საზღვაო ფლოტის გემები სირიაში გამგზავრების შემთხვევაში, რაც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის შეიძლება გახდეს საჭირო. გრადუსოვის თქმით, სირიაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარად არ მიატოვებს. „ავიაცია მზად იქნება შეასრულოს ყველა ამოცანა, რომელსაც მთავარსარდალი დაგვისახავს“ განაცხადა მან.
სირიის პორტ ტარტუსის დასაცავად რუსული გემების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა. მოგვიანებით კი აშშ-მა კი განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის გადაადგილებას, რომელიც სირიისკენ იარაღი და საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფი მიჰყავს. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თანამგზავრებიდან მიღებული ფოტოების საშუალებით ცნობილია, რომ სირიისკენ გემი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ დაიძრა. ის სევასტოპოლში 7 ივნისიდან იტვირთებოდა და ახლა ტარტუსში მიემგზავრება.
ამერიკელ სამხედროებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენი საზღვაო ქვეითია მის ბორტზე.