დღეს, პოლ მაკარტნის დაბადების დღეა

  08:07:47     18-06-2012

სერ ჯეიმზ პოლ მაკარტნი (Sir James Paul McCartney; დ. 18 ივნისი, 1942) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, მუსიკის სამეფო აკადემიისა და მუსიკის სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი, ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორია. ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად ერთად ,მან სახელი გაითქვა ჯგუფ „ბითლზით“ და ჩამოაყალიბა XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედებითი ერთობა. ბითლზის დაშლის შემდგომ დაიწყო სოლო-კარიერა, მოგვიანებით კი ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი/ვოკალისტი დენი ლეინი.

მაკარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი. ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში იგი ითვლება სიმღერების ყველაზე წარმატებულ ავტორად. მის მიერ ბითლზისათვის დაწერილი სიმღერა „Yesterday“ 2.200-ზე მეტი შემსრულებლის მიერ იქნა ინტერპრეტირებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩაწერილი მუსიკის ისტორიაში რომელიმე სხვა სიმღერის შემთხვევაში. Wings-ის 1977 წლის სიმღერა „Mull of Kintyre“, რომელიც ლეინთან ერთად დაიწერა, იყო ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი. მაკ-კარტნი არის 31-ზე მეტი ისეთი სიმღერის ავტორი ან თანაავტორი, რომელიც მოხვედრილა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციებზე. 2012 წლისათვის აშშ-ში პოლს RIAA-ს თანახმად გაყიდული აქვს 15.5 მილიონზე მეტი ალბომი.

მაკარტნი არის კინო, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ავტორი. სოლო-შემსრულებლის სახით გამოცემული აქვს სიმღერების დიდი კატალოგი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობაში, რომლებიც გამოირჩევა ცხოველთა უფლებების დაცვით, ვეგეტარიანელობის პროპაგანდით ან მუსიკალური განათლების სფეროთი. მაკ-კარტნი მონაწილეობდა სელაპებზე ნადირობისა და ფუგასების აკრძალვის კამპანიებში. იგი აგრეთვე მხარს უჭერდა ორგანიზაციის Make Poverty History მუშაობას.

პოლის კუთვნილი კომპანია MPL Communications ფლობს 25.000-ზე მეტ სიმღერაზე უფლებას - მაგალითად, ბადი ჰოლის მიერ დაწერილი სიმღერების ან მიუზიკლების. მაკ-კარტნი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად, რომლის შემოსავალი 2010 წლისათვის 475 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. იგი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილის მამაა.