„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე

  08:03:35     18-06-2012

საქართველოში, მეათედ „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე აღინიშნება. ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ვეფხისტყაოსანი“ ქართული სულიერების გამორჩეული ძეგლია და მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში აუცილებელია.

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვით საქართველო სხვა ქვეყნებისგან გამორჩეული არ არის, რადგან ანალოგიური ხდება - ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში, სადაც შესაბამისად, სერვანტესის, დანტესა და პრუსტის ნაწარმოებების საჯარო კითხვა იმართება. წიგნის საჯარო კითხვის იდეა ათი წლის წინ გაჩნდა და ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართული სიტყვიერი კულტურის ყველაზე გამორჩეული პოემის კითხვა, საქართველოში ტრადიციად ქცეულიყო. მართალი გითხრათ, ეს ღონისძიება ძალიან დემოკრატიული საჯარო აქციაა, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველას აქვს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - აცხადებს დეპუტატი.

წიკლაურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვმა კითხვა არ იცოდა, მაგრამ მან პოემის კონკრეტული ნაწილი ზეპირად წარმოთქვა.

„ღონისძიებაზე ხშირად, მოხუცები მოდიან და იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა „ვესფხვისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა, რაც ძალიან სასიხარულო იყო“, - განაცხადა წიკლაურმა.  

რაც შეეხება იმ საკითხს, თავად წიკლაურისთვის „ვეფხისტყაოსნიდან“ ყველაზე საყვარელი მონაკვეთები თუ რომელია, დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის გამორჩეული ავთანდილის ანდერძი და ქაჯეთის ციხიდან ნესტანის გამოხსნის ეპიზოდია.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას წიკლაურის გარდა საფუძველი მწერალმა,  დათო ტურაშვილმაც ჩაუყარა. მას იდეის განხორციელებისკენ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება. მასში მონაწილეობას კი, ათასობით ესპანელი და უცხოელი სტუმარი იღებს.

რაც შეეხება საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციას, ღონისძიება დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში - ბათუმში, თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა. ამასთან, „ვეფხისტყაოსანი“-ს საჯარო კითხვა პეტრას ციხეზეც მოეწყო, რომელიც ზოგიერთი ისტორიული წყაროს ცნობით,  პოემაში მოხსენიებულია როგორც - ქაჯეთის ციხე.

შეგახსენებთ, რომ ვეფხისტყაოსანი - XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა, რომელიც რთული ნაწარმოებია. კერძოდ, პოემაში  ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი - არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით, რომელიც დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით. დღემდე მოღწეულია „ვეფხისტყაოსნის“ 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი, პროემა კი, ბეჭდური სახით,  პირველად 1712 წელს, ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ამასთან, სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები და პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში და შემდეგ დროშიც „ვეფხისტყაოსანი“ დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში. დღეს კი, „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.