
რუსი გენერალი, ფინელებთან, ანტიქართულ აგიტაციას ატარებდა
07:50:46     18-06-2012
რუსი გენერლის, გენშტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის მიერ ფინეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, რომელმაც ქვეყანაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, ფინეთის მთავრობის სერიოზული განხილვის საგნად იქცა.
5 ივნისს, ჰელსინკის უნივერსიტეტში გამოსვლისას, მაკაროვი ფინელებს ადანაშაულებდა და ემუქრებოდა. მისი თქმით, ფინეთი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან, რაც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და კიდევ ერთი: ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს „რევანშისტულ“ მისწრაფებებს და თბილისთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობს, რაც რუსეთს ძალიან არ მოსწონს.
ამის შემდეგ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოამ ერთ-ერთ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ფინეთი მაკაროვის განცხადებების განხილვას რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აპირებს. ფინეთის პრეზიდენტი, რომელმაც ასევე უკვე მწვავედ გააკრიტიკა მაკაროვის განცხადებები, ვლადიმერ პუტინს 21-22 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში უნდა შეხვდეს. მაკაროვის ჰელსინკიში გამოსვლასთან დაკავშირებით, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამბობს, რომ რუსეთის გენშტაბის განცხადებებს მიღმა „ქართული საკითხი დგას“.
„რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რეალურ საფრთხედ აღიქვამს. პირველ რიგში, საუბარია საქართველოზე“ - აცხადებს ის. ფელგენგაუერი მოსკოვის ავადმყოფურ დეკლარირებულ შიშებზე წერს - როგორ მოაქცევენ ფინელი და ქართველი „რევანშისტები“ რუსეთს კლანჭებში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, როგორც შეხვდებიან ერთმანეთს კრემლის კედელთან და როგორ დალევენ…
ექსპერტის თქმით, მაკაროვის განცხადება პუტინის შიშებისა და იმედების დემონსტრირებაა: ირგვლივ მტრები გროვდებიან, კრემლის სიახლოვეს, ბულვარებში ჯგუფებად დადიან, ანტისარაკეტო სისტემების განთავსება უნდათ, „ცეცხლს უნთებენ თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს“, რყვნიან კეთილ ფინელებს და ამ ყველაფრის უკან, ეჭვი არაა, ვაშინგტონის ნება და ფული დგას…
პუტინის ამ აკვიატებულ იდეებს მაკაროვის სახით კარგი აგიტატორ-პროპაგანდისტი ჰყავს. გენერალი გასულ თვეში მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც იგივე ტექსტით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ რუსეთი „პრევენციული დარტყმის“ უფლებით ისარგებლებს და ბირთვულ შეტევასაც კი განახორციელებს, თუკი ქვეყნები, რომლებსაც ის კვლავ თავისი გავლენის სფეროში მოიზარებს, თავის ტერიტორიებზე ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს განათავსებენ.
„ახლა მაკაროვს ფინელებთან აქვს საქმე, რიგში, შესაძლოა, ქართველი „რევანშისტები“ არიან“ - წერს ფელგენგაუერი.