უკრაინა, რუსეთს, შავი ზღვის ფლოტის გამოყენებაში შეზღუდვებს უწესებს
09:32:25     17-06-2012
უკრაინამ, მისი ნებართვის გარეშე, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის მესამე ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენება აუკრძალა.ეს აკრძალვა ასახულია უკრაინის სამხედრო დოქტრინასა და ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელსაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი 8 ივნისს მოაწერა. აღნიშნული პირობის დარღვევა, დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მხრიდან განხილული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციის მზადება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ფაქტობრივად, ახალი დოქტრინით, სევასტოპოლში განთავსებული რუსეთის საზღვაო ფლოტი უკრაინისთვის საფრთხედ არის გამოცხადებული. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მკაცრი, თვით ვიქტორ იუშენკოს დროს მიღებული სამხედრო დოქტრინაც კი არ ყოფილა.
გარდა იმისა, რომ რუსეთს ამიერიდან საზღვაო ფლოტის მესამე ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება უკრაინის თანხმობის გარეშე ეკრძალება, მას ასევე ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებული თავისი შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტების კიევის თანხმობის გარეშე გადაადგილება.
როგორც უკრაინული გამოცემები წერენ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სხვათა შორის, უკრაინაში მწვავე განხილვის საგნად იქცა საკითხი - პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებსა და კანონებში რატომ არ იდებოდა რუსეთის ფლოტისა და ავიაციის მიმართ მკაცრი პირობები, რომლებიც ნომინალურად მაინც დაემუქრებოდა მოსკოვს, უკრაინის ტერიტორიიდან აფრენილი ვერტმფრენებიდან საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შემთხვევაში. სწორედ ამ აჟიოტაჟის შემდეგ მოაწერა ხელი იუშენკომ განკარგულებებს, რომელთა მიხედვითაც რუსული გემების ზღვაში გასვლა მოსკოვს კიევთან უნდა შეეთანხმებინა.
თუმცა ახლა ეს ყველაფერი ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში აისახა, რომელშიც მოსკოვისთვის კიდევ ერთი არასასიამოვნო პუნქტიც დევს. კერძოდ, პუნქტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შეეხება და რომლის მიხედვითაც უკრაინა ოფიციალურად აცხადებს, რომ „არ აპირებს შეუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს“.
ამასთან, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უკრაინა გეგმავს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონის სახელმწიფოების ტერიტორიებზე თვითაღიარებული წარმონაქმნების სტატუსის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც და სამხედრო დოქტრინაშიც საერთოდ არ არის ნახსენები კრემლის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირი, რომელშიც მოსკოვი კიევზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. უკრაინის მონაწილეობის პერსპექტივა ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში (ОДКБ), დოკუმენტებში საკმაოდ ორაზროვნადაა დასათაურებული და ამ პუნქტს ჰქვია: „გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ბლოკებში არმონაწილეობის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა“.
უკრაინის ახალმა სამხედრო დოქტრინამ და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ უკრაინელი კომუნისტები უკიდურესად აღაშფოთა. ისინი აცხადებენ, რომ იანუკოვიჩი, უკრაინის „ევროინტეგრაციის რადიკალიზაციის“ საგარეო პოლიტიკური კურსით ზიანს აყენებს რუსეთთან ურთიერთობებს, რაც „არა მარტო ნეგატიური, არამედ ტრაგიკული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს“.