
ჩერქეზები აფხაზთა დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობენ
15:55:12     16-06-2012
მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა და ანაკლიაში გენოციდის მსხვერპლთა ძეგლიც გახსნა, აფხაზებმაც კუსავით ფეხი გამოყვეს და რატომღაც მათთან მეგობრობის საკითხში ჩვენთან გაჯიბრება გადაწყვიტეს. ისინი მაშინვე ჩერქეზებისა და აფხაზების ძმობასა და ახლონათესაურ კავშირებზე ალაპარაკდნენ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩერქეზების ისტორიის გადაწერასა და მათი საქმეების საკუთარ თავზე მიწერას შეუდგნენ.
აფხაზ სეპარატისტთა ინტერნეტ–პორტალ აიააირა.კომ–ზე, ჩერქეზების აფხაზი „მეგობრის“, ბესლან კობახიას, ჩერქეზებისა და აფხაზების ურთიერთობებზე სტატია გამოქვეყნდა, სათაურით „აფხაზ–ადიღთა ძმობა ეჭვს არ იწვევს!“, რომელსაც მეორე დღესვე, 15 ივნისს, ნალჩიკიდან უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩერქეზთა კავშირის“ კოორდინატორმა, რუსლან კეშმა.
გთავაზობთ, ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.
„კობახია იწყებს სტატიას თეზისით იმის შესახებ, რომ აბაზები, აფხაზები და ჩერქეზები მონათესავე ხალხია. მაგრამ, რატომღაც აფხაზეთში დაავიწყდათ ამის შესახებ მაშინ, როცა ისინი იწერდნენ (ან იწერენ) ჩერქეზების ისტორიას და მის უძველესობას და მას აფხაზურად მოიხსენიებენ. გარკვეულ როლს ამაში თავად ბესლან კობახიაც თამაშობს.
შემდგომში კობახია ამტკიცებს, რომ ჩვენმა ხალხებმა (ჩერქეზებმა და აფხაზებმა) „150 წლის წინ ერთად გადაიტანეს კატასტროფა, როცა ჩვენი ხალხების 90 % იძულებული გახდა გახიზნულიყო“. ეს მტკიცებულება სიცრუეა. აფხაზური დიასპორის გაჩენას სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს, ვიდრე ჩერქეზულისას. 1763–1864 წლებში ჩერქეზეთი რუსეთის იმპერიის აგრესიის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა. ამ ომის დროს ჩერქეზმა ხალხმა გენოციდი განიცადა. მოსახლეობის განადგურების, მათი სიცოცხლის უზრუველყოფისთვის საჭირო საშუალებათა წართმევისა და ა.შ. მიზნით მათ წინააღმდეგ წარმოებდა წინასწარდაგეგმილი ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპოერაციები.
რაც შეეხება აფხაზეთს, მას 1810 წლიდან 1864 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთის იმპერიისგან ავტონომია ჰქონდა და იგი მის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდა. აფხაზეთის ავტონომია რუსეთს ჩერქეზებთან ომის დროს სჭირდებოდა: პრაქტიკულად მისი დასრულებისთანავე (1864 წლის 14 მაისი) იმპერიაში აფხაზეთის ავტონომიის აუცილებლობა გაქრა და 1864 წლის ივნისში აფხაზეთის ავტონომია ლიკვიდირებულ იქნა.
აფხაზური დიასპორის წარმოშობა 1763–1864 წლების რუსეთ–ჩერქეზეთის ომს არ უკავშირდება. ის დაკავშირებულია 1877 წლის მოვლენებთან. მაშინ რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი გაესახლებინა. ამას ტერმინი „დეპორტაცია“ მიესადაგება და არა „გენოციდი“.
ნებისმიერ შემთხვევაში, აფხაზური დიასპორის წარმოშობა უკავშირდება 1877 წლის მოვლენებს და 1763–1864 წლების რუსეთ–ჩერქეზეთის ომთან კავშირში არაა.
ამის შესახებ აფხაზეთში მშვენივრად უწყიან და 20 წელზე მეტი ხსოვნის დღეს აფხაზეთში 31 მაისს, 1877 წლის 31 მაისის მოვლენების წლისთავზე აღნიშნავდნენ. აფხაზეთში ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ მათი ხსოვნის დღე სხვა დროსაა და სხვა მოვლენებს უკავშირდება.
თუმცა გასულ წელს, საქართველოს მიერ ჩერქეზთა (ადიღების) გენოციდის აღიარების წინ, აფხაზეთში ხსოვნის თარიღმა 31 მაისიდან, უცნაურად ჩერქეზული 21 მაისისკენ გადაიწია. შემდეგ ამას მოჰყვა მასობრივი პროპაგანდისტური კომპანია იმის შესახებ, რომ „150 წლის წინ ჩერქეზებმა და აფხაზებმა საერთო ტრაგედია გადაიტანეს“ და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ ეს წმინდა წყლის მანიპულაციაა და აფხაზურ მხარეს მოვუწოდებთ შეწყვიტონ მსგავსი თამაშები, დაუბრუნდნენ თავიან ისტორიულ ხსოვნის დღეს – 31 მაისს.
შემდეგ ბ. კობახია წერს, რომ ჩერქეზების პრეტენზიები უკავშირდება აფხაზების მიერ ჩერქეზების გენოციდის აუღიარებლობას. ეს სიმართლეს არ შეესაბამება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩერქეზულ ორგანიზაციებს თხოვნით არ მიუმართავთ აფხაზებისთვის ეღიარებინათ ჩერქეზთა გენოციდი. ასევე არცერთ ჩერქეზულ ორგანიზაციას არ გამოუთქვამს პრეტენზიები აფხაზების მიმართ ამისთვის, რის გამოც კობახიას განცხადებას რეალური საფუძველი არ გააჩნია.
გენოციდის აღირების შესახებ ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს და ამიტომ ჩერქეზთა და ქართველთა საქმეები არც აფხაზეთის ხელისუფლებასა და არც აფხაზურ საზოგადოებრიობას არანაირად არ უკავშირდება.
რაც შეეხება მთლიანობაში ჩერქეზულ–აფხაზურ ურთიერთობებს, ბუნებრივია, რომ ჩერქეზები თავიანთ მეზობლებს ზუსტად ისევე უნდა ექცეოდნენ, როგორც მეზობლები ექცევიან მას.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ აფხაზური მხარე თუნდაც ნეიტრალიტეტს დაიცავდა, მაგრამ მივიღეთ მათი მხრიდან ჩერქეზული ისტორიის მასობრივი გადაწერა, ჩერქეზულ მიწებზე დაუსაბუთებელი პრეტენზიები, „რა დამოკიდებულება აქვთ ჩერქეზებს კრასნაია პოლიანასთან“ ტიპის განცხადებები და ა.შ. და ა.შ.
ნიშანდობლივია, რომ აფხაზების მხრიდან ჩერქეზების მიმართ ასეთი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ საჯაროდ არავინ გამოსულა. არავის გასხენებია „ძმობის“ შესახებ იმ აღვირახსნილი ანტიჩერქეზული კომპანიის დროს, რომელსაც აფხაზური მხარე ატარებდა. ჩვენ ვახსენდებით მხოლოდ მაშინ, როცა ცდილობენ გადაგვათქმევინონ „ძმურ“ ქმედებათა მორიგ ულუფაზე რეაგირება.
თუმცა, „ვარდისფერი სათვალეების“ დრო გავიდა. ჩვენ არავისგან არ მივიღებთ, არანაირ დაუსაბუთებელ პრეტენზიებსა და თავდასხმებს, თანმიმდევრულად ვუპასუხებთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
რუსლან კეში,
საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩერქეზული კავშირის“ კოორდინატორი
2012 წლის 15 ივნისი
ქ. ნალჩიკი“.