ბერძენიშვილის პოლიტიკური თავხედობა - "რესპები" ივანიშვილის წინააღმდეგ

  13:50:23     16-06-2012

ოლიგარქის პარტიაში მორიგი დაპირისპირება ღვივდება. ყველაფრის მიზეზი კი, როგორც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, „ნახევარსაუკუნოვანი პარტია“ – „რესპუბლიკელები“ და მისი ზღვარგადასული ამბიციების მქონე ლიდერები არიან. 

მათ შორის, როგორც ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია იცის, ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ძმები ბერძენიშვილები, რომელთაგან ერთ–ერთი ივანიშვილის კარზე, ბოლო ხანს მეტად დაწინაურდა. თუმცა, აღზევებას დაღმასვლაც მოსდევსო და ოლიგარქის რჩეულ დავით ბერძენიშვილს, შესაძლოა ისე შეექმნას საქმე, რომ "შუშის კოლბიდან" საერთოდ ამოაკვეთინონ ფეხი.

როგორც ცნობილია, ბერძენიშვილი ივანიშვილმა გურიის რეგიონის კურატორად დანიშნა. ძნელი სათქმელია, რა მოტივით ხელმძღვანელობდა ოლიგარქი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ, როგორც ჩანს, „რესპუბლიკელების“ სხვა ლიდერებმა და თავად ბერძენიშვილმა დაარწმუნეს, რომ ძველ, „ნადისიდენტარ“ ძმებს გურიაში გრანდიოზული წარმატება და ხალხის სიყვარული ელოდათ.

„ბიბი“ იმდენად მოტყუვდა, რომ დავით ბერძენიშვილის ჩოხატაურის მაჟორიტარად წარდგენასაც გეგმავდა. თუმცა, ოლიგარქმა, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი ფავორიტი პარტია და ლიდერები, რომლებიც თავის დროზე სასახლეში ტრიუმფით მიიღო, საზოგადოებაში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ამ ინფორმაციის შემდეგ, ორი დღის წინ, ბიძინამ, დავით ბერძენიშვილი ურეკში დაიბარა და განუცხადა, რომ ვინაიდან ის გურიაში განსაკუთრებულად არაპოპულარული და მოძველებულია, ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად არ წარადგენს. მეტიც, "ბიბიმ" დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ გურიის კურატორობასაც უნდა ჩამოშორდეს. 

დავით ბერძენიშვილმა, რომელიც „ბოსებისადმი“ უსიტყვო მორჩილებას ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, „ცეკა–ტეკას“ ეპოქაში მიეჩვია, ივანიშვილს თავი მორჩილად დაუქნია. მონურად დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას და მილიარდერს მორცხვად სთხოვა დიდუბეში მაინც წარმადგინე მაჟორიტარადო, რაზეც ასევე კატეგორიული უარი მიიღო.

"ბიბიმ" ბერძენიშვილს მიახალა, რომ მას დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით, სხვა გეგმები და მოსაზრებები აქვს... ამის შემდეგ ბერძენიშვილი ბიძინასგან უკანმოუხედავად გამოიძურწა. 

თუმცა, ძმები ბერძენიშვილების ბოღმიანობა საყოველთაოდ ცნობილია და ბუნებრივია, უსასრულობისხელა ამბიციების მქონე "დისიდენტიც" ასე იოლად ვერ გადახარშავდა ამგვარ თავლაფდასხმას და პანღურისკვით გაგდებას.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, ამის შემდეგ მოვლენები მეტად უცნაურად განვითარდა. შუშის სასახლეში საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანების ერთ–ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც არ დაადასტურა გურიის კოორდინატორობის დატოვების შესახებ გავრცელებული ხმები, რომელიც რეგიონში მის წარუმატებელ საქმიანობას უკავშირდებოდა და აღნიშნა, რომ ამ პოსტზე მუშაობას აგრძელებს. 

სამაგიეროდ, ისაუბრა თბილისში დასასახელებელ მაჟორიტარ კანდიდატებზე და იმაზე, თუ როგორ ლიდერობენ და რა პოპულარობით სარგებლობენ „რესპუბლიკელი“ კანდიდატები (მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძე, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილი, დიდუბეში - დავით ბერძენიშვილი, საბურთალო-გლდანში - თინა ხიდაშელი). ანუ დედაქალაქში მისი თანაპარტიელების ლიდერობაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და ამით, მისი აზრით, "ბიბის", ალტერნატიული კანდიდატების განხილვის შესაძლებლობა მოუსპო.

აღმოჩნდა, რომ დავით ბერძენიშვილის ეს განცხადება და პრესკონფერენცია, არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათ შორის არც "რესპების" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. დავით ბერძენიშვილის პრესკონფერენციის ჩატარების შესახებ, წინასწარ მხოლოდ მისმა ძმამ, ლევან ბერძენიშვილმა იცოდა...

თუმცა, "ქართულ ოცნებაში", მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა და არა სხვა რომელიმე ლიდერის. ბერძენიშვილი კი, ფაქტობრივად, ივანიშვილს „თავზე გადაახტა“, ოლიგარქი არაფრად ჩააგდო და ფაქტის წინაშე დააყენა. ამან კი, შუშის სასახლებში, გუშინ დიდი ისტერიკა და არეულობა გამოიწვია.

ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" "ბიბის" რესპუბლიკელებთან ურთიერთობის სწრაფ გარკვევას ურჩევენ. ალასანია თვლის რომ: "რესპუბლიკელებმა შესაძლოა მომავალშიც არაერთხელ დააყენოს კოალიცია დარტყმის ქვეშ". 

ივანიშვილს, რესპუბლიკელებთან განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენას ურჩევს ექსპერტი, ოლიგარქების წველის საკითხებში, გია ხუხაშვილიც. მისი აზრით: "ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან თუ ვერ მიიღეს ის, რაც სურთ".

ხოლო შევარდნაძის კორუმპირებული კლანის წარმომადგენელმა, უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მოწოდებით "რესპმა" ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინას განუცხადა: "აქ ჩემზე კარგად არავინ იცნობს მათ. ბერძენიშვილები სახიფათო ხალხია". 

დამთავრდება თუ არა, "ბიბისა" და დავით ბერძენიშვილების დაპირისპირება კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიის გაგდებით, ამის თქმა, ჯერჯერობით რთულია.

თუმცა, ფაქტია, რომ როგორც კი, ბიძინამ "რესპებისთვის" რქების მომტვრევა გადაწყვიტა, პირველი დარტყმა უკვე მიიღო - დავით ბერძენიშვილმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად დაასახელა თბილისის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატები და ოლიგარქი "რესპთა" განცხადების ტყვე გახადა. 

მართალია, მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის კოალიციაში ერთმანეთს ორი ბანაკი, „რესპუბლიკელები“ და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ უპირისპირდებიან, მაგრამ ზოგადად, "ქართულ ოცნებაში", ბერძენიშვილის ასეთი პოლიტიკური თავხედობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

"მეოცნებეთა" შეხლა-შემოხლის მთავარი მოტივი, მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ კი, ის სოლიდური თანხაა, რომელსაც ივანიშვილი, მათ საარჩევნო კამპანიისათვის აძლევს... 

ამიტომ, მაჟორიტარობისათვის კინკლაობა, პარტიაში, ფაქტობრივად, ბრძოლას წესების გარეშე დაემსგავსა, რომელმაც კოალიცია ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკად გაჰყო. ალასანიას კლანი მთელი ძალებით ცდილობს ხიდაშელის ჩაჩოჩებას, რაც ნაწილობრივ გამოსდის კიდეც. ხიდაშელს, მილიარდერი ბოლო ხანს აღარ სწყალობს.

შემთხვვევითი არც ის ფაქტია, რომ ჟურნალისტებს, გურიის კურატორობისგან ბერძენიშვილის გაძევების შესახებ, ინფორმაცია სწორედ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიაწოდეს.