სოხუმის რეჟიმი აფხაზებს გადარჩენისა და სიცოცხლის შანსს ართმევს

  13:55:11     16-06-2012

„აფხაზეთმა დარეგულირების ქართულ სტრატეგიას დარტყმა მიაყენა“ - საზეიმო ტონალობაში იუწყებიან რიგი რუსული გამოცემები და მათ კვალდაკვალ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამომავალი გაზეთები.

თუმცა რეალურად, არც „სტრატეგიაა“ შუაში და არც „დარეგულირება“. ამ სათაურით გამოხატული აღფრთოვანება იმითაა გამოწვეული, რომ აფხაზეთში მოსახლეობას გადარჩენის შანსს ართმევენ და სიცოცხლის უფლებას უკრძალავენ.

კერძოდ, საქმე აფხაზი პაციენტების ქართულ მხარეზე მკურნალობას ეხება. ეს საკითხი სოხუმში საკმაოდ მწვავედ დგას. მწვავედ იმ კუთხით, რომ მარიონეტული რეჟიმის უკმაყოფილების მიუხედავად, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რათა თავისი ახლობლისა და ოჯახის წევრების სიცოცხლე გადაარჩინონ, ენგურს გაღმა გადმოდიან. უკვე იციან, რომ აქ მათ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება და პროფესიონალი ექიმები დახვდებათ. თანაც, ისინი უმცირესი დანახარჯებით, ან უფრო ხშირად, საერთოდ უფასოდ მკურნალობენ.

გასაგებია, რომ ენგურსადმოღმა, აფხაზების მიმართ დამოკიდებულებაც სხვაგვარია. ისინი განსაკუთრებული პაციენტები ხდებიან და ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს.
სწორედ ამის გამო და იმის გამო, რომ ოკუპირებული რეგიონიდან  ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსვლის ფაქტები ძალიან გახშირდა, აფხაზეთში ეს თითქმის, ნომერ პირველ პრობლემად იქცა.

აფხაზები ამას ძირითადად, მალავენ, რადგან ქართულ მხარეს სამედიცინო დახმარების მიღება, სოხუმში, ლამის, „სამშობლოს ღალატს“ უდრის. მარიონეტულმა რეჟიმმა ეს რეალობა კარგად იცის. იცის ისიც, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავისი მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე მკურნალობის შანსებით ვერ დააინტერესა. ამის მიზეზებსაც თავად ის ადამიანები განმარტავენ, რომლებმაც სამედიცინო დახმარების ფსოუს გაღმა მიღება სცადეს, მაგრამ ბოლოს მაინც ენგურისკენ იბრუნეს პირი:

„გულმა შემაწუხა. გამოკვლევის შემდეგ საჭირო გახდა მოსკოვში წავსულიყავი. ჩამიტარეს ანალიზები, ყველა ხარჯი დავფარე და ოპერაციისთვის მზადება დავიწყე. რიგები იყო. ექიმმა მითხრა, „აფხაზეთიდან ხართ თუ სხვა ადგილიდან, ჩვენთვის სულერთია. გსურთ, აქ მოიცადეთ, გსურთ - სახლში. ჩვენ თავად გამოგიძახებთ“. მაგრამ „ხვალ“, შესაძლოა, ჩემთვის აღარ დამდგარიყო. ახლობლებმა თბილისში წასვლა მირჩიეს. თბილისში, საავადმყოფოში დაწოლამდე ბინაში მომათავსეს. და გავოგნდი, როცა ამ სახლის მეზობლები კლინიკაში მოვიდნენ: ჩვენ მოვედით სტუმართან აფხაზეთიდან!  70%-იანი ფასდაკლება გამიკეთეს. ხოლო როცა მწერდნენ საავადმყოფოდან, ისე გამომაცილეს, როგორც ვიღაც განსაკუთრებული პერსონა, და ამანაც როგორ არ უნდა გაგაოცოს. თან მითხრეს, რომ ნახევარ წელიწადში ისევ მელოდებიან შემოწმებისათვის“ - ყვება 60 წლის აფხაზი პაციენტი. მეორე ისტორიაც ანალოგიურია:

„ბავშვით ხელში, ბევრი ვიარე მდინარე ფსოუს მიღმა. ბლომად ფული დავხარჯე. ექიმები თავს იქნევდნენ: დაავადება განუკურნებელიაო. მე, მამას, არ შემეძლო ამას შევგუებოდი. და როცა მირჩიეს: წადი თბილისში, იქ სასწაულმოქმედი დასავლური ტექნოლოგიებიაო, მე გადავლახე სიძულვილი, რომელსაც ამ ქალაქის მიმართ განვიცდი და წავედი… ბავშვს უშველეს და ეს დღეს ჩემთვის ყველაზე მთავარია“…

იმის გამო, რომ აფხაზეთიდან აქეთ გადმომსვლელთა რაოდენობამ იმატა, სოხუმში ეს თემა თვით ე.წ. უშიშროების საბჭოს განხილვის საგანი გახდა. მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა შექმნილი რეალობა აღიარა და ისიც თქვა, რომ ადამიანებს გადარჩენისა და სიცოცხლის უფლებას ვერ აუკრძალავდა.

თუმცა რამდენიმე თვეში სოხუმმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ ინვალიდთა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც  „აფხაზეთიდან ავადმყოფების საქართველოში მკურნალობის ბოლოდროინდელი პრაქტიკა“ განიხილეს. ლაკერბაიამ განაცხადა, რომ ენგურსგაღმა სამკურნალოდ სიარული დამთავრებულია და ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ამას კრძალავს.

მანამდე, იყო შემთხვევები, როცა გამოუვალი მდგომარეობის გამო აღნიშნული „სამინისტრო“ თავად გზავნიდა პაციენტებს ქართულ მხარეზე, თუმცა ლაკერბაიას თქმით, ამიერიდან, ეს აღარ მოხდება. შესაბამისად, სავარაუდოდ, უფრო გამკაცრდება კონტროლი იმ აფხაზი პაციენტებისა, რომლებიც ხშირად, თვითნებურად და ყოველგვარი ნებართვისა და გახმაურების გარეშე, მალულად კვეთენ ხოლმე ენგურს, რადგან საშველი მხოლოდ აქეთ ეგულებათ.