ოტია იოსელიანის დაბადების დღისადმი
11:29:58     16-06-2012
ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, რაც გარდაიცვალა ოტია იოსელიანი. დღეს მისი დაბადების დღეა. მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და მკითხველები პირველად აღნიშნავენ მწერლის დაბადების დღეს მის გარეშე.
1930 წლის 16 ივნისს სოფელ გვიშტიბში (ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები.
მისი პირველი თხზულება 1954 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი კრებული ,,კარის მეზობლები“ 1957 წელს გამოიცა. მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებს და კინოსცენარებს. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები ,,ცხრა მთას იქით“, ,,დაჩის ზრაპრები“, ,,ცა გამთენია“ და სხვ).
ოტია იოსელიანი წერდა რომანებსაც, რომელიც ეხებოდა, როგორც ომის თემას, ასევე ზნეობრივ–ეთიკურ პრობლემატიკას (რომანები: ,,ვარსკვლავთცვენა,“ ,,იყო ერთი ქალი,“ ,,ტყვეთა ტყვე,“ ,,შავი და ცისფერი მდინარე“ და ა.შ). ის არის ავტორი ათამდე პიესისა (,,ადამიანი იბადება ერთხელ,“ ,,როცა სიყვარული მოვა,“ ,,სანამ ურემი გადაბრუნდება,“ ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ და სხვ).
ოტია იოსელიანის პიესები, მოთხრობები და რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებული იყო ,,საპატიო ნიშნის“ ორდენით. ოტია იოსელიანი წყალტუბოში, საკუთარი ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში ცხოვრობდა. ამ სახლს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს.
ოტია იოსელიანი გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს.
გავიხსენოთ მისი რამდენიმე გამონათქვამი (ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006). მასში ბევრ ჭკუის სასწავლებელს ნახავს კაცი:
ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა-თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.
ადამიანი ბუნების შვილია. გარემო-ბუნების ხელყოფა მშობლის ხელყოფაა.
ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო. რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.
ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.
არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის...
ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.
ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.
ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.
გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.
დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.
დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.
ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.
ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.
ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.
ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.
ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.
ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.
ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.
ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა - გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია - ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.
მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.
ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.
ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
ჭკუა თავშია და არა ხანში.