სიმონ ჩიქოვანის „ძველი მცხეთა“ და „ქართველი დედა“

  11:28:58     16-06-2012

დიდი ქართველი პოეტი სიმონ ჩიქოვანის დამსახურება ქართული პოეზიის წინაშე უდიდესია.

დიდი პოეტი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სამეგრელოში, სოფელ ნასაეკავოში. მაშინდელი 27 დეკემბერი ახალი სტილით 9 იანვარია.

მამა, ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი ყოფილა. დედა დაბადების წელსვე გარდაეცვალა... მამას ოცნება ჰქონდა, სიმონი სამთო ინჟინერი გამოსულიყო.

მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები გაატარა მეზობელ სოფელში, ტყვირში, ბებიასთან. ბებია განათლებული ქალი იყო და შვილიშვილს ქართული მწერლობისადმი სიყვარულს უნერგავდა. „ჩემი გვარეულობა, ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით - ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ, რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში“ - წერდა პოეტი.

1914 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1921 წელს. ზაფხულობით სოფელში მიწას ამუშავებდა და ბავშვებს ამეცადინებდა, ამგვარად აგროვებდა სწავლის ფულს.

1918 წელს მამა გარდაეცვალა. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

თავიდან გატაცებული იყო ავანგარდიზმის ერთ-ერთი რადიკალური ფორმით, ფუტურიზმით. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოაქვეყნა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო – ფენიქსი“.

1924-28 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: “H2SO4″, „ლიტერატურა და სხვა“, „დროული“, და „მემარცხენეობა“.
შემდეგ მის შემოქმედებაში გარდატეხა მოხდა: „ჩემი ნამდვილი არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწერა ლექსები: “წვიმაში”, “უშგული”, “მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი”, “თეიმურაზ პირველი”, “განშორება”, “შენი ჩრდილის საძებნელად”. სიმონ ჩიქოვანი სამშობლოს სიყვარულით აღვსილი პოეტია, ბუნების ფაქიზი მხატვარი...

პოეტის პირველი კრებული „ფიქრები მტკვრის პირას“ გამოვიდა 1925 წელს. ამას მოჰყვა კრებული „მხოლოდ ლექსები“, რომელიც 1930 წელს გამოვიდა.

1934 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი გახდა. 1944-1951 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირს. 1954-1960 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი.
სიმონ ჩიქოვანი აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ესეებს, თარგმნიდა. მისი ლექსები თარგმნილია არა ერთ ენაზე.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 24 აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გავიხსენოთ სიმონ ჩიქოვანის მშვენიერი ლექსები „ძველი მცხეთა“ და „ქართველი დედა“.

ძველი მცხეთა

ძველი მცხეთა, საქართველოს ფუძე,
მე ვარ მისი გაზაფხულის როშარი.
შევეთვისე გულით დავიფურცლე,
შრიალებენ ვარდები და შროშანი.

პირველ ქართველს აქ დაუკრავს ბარი,
მოხვევია ვენახი და ასული.
აქვე მზრდიდა გამრჯე წინაპარი,
ჟანგიანი, ხავსიანი წარსული.

მეც ავანთე მომღერალი ცეცხლი,
პაპამ პეშვით მომიტანა ღადარი,
სად გაქმრალა კერა დანაკვერცხლი,
პირველქმნილი ჩემი კვამლი სად არი?

მოიძებნეთ, არ გახრწნილა ნეშტი,
გამოცოცხლდა სხვეტიცხოვლის მირონით,
ტერფი დაგვრჩა ქვებზე ანაბეჭდი,
არმაზიდან ირმებივით ვყვიროდით.

კერა გვენთო დაბლობში და მთაში,
გრძელი ჟამი გამოვცურეთ მხარულით.
სამარეში სუნთქავს პიტიახში,
მიწით მესმის იარაღის ჟღარუნი.

ქარიშხალშიც მეც გადავრჩი ერთი,
როგორც ქვაზე გამოთლილი ყურძენი.
მცხეთა არის ჩემი დედულეთი,
არ დამჭკნარა მისი ვაზის ფურცელი.

არ დამშრალა მოჩხუბარი მტკვარი,
საქართველოს მთების ცრემლი მცირედი.
მე ვარ მისი ძველი მეგობარი,
არმაზიდან მომყვირალი ირემი.

1941

ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა…
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს გადმოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

1942