
რამზან კადიროვზე ტერაქტი მზადდებოდა
11:07:39     16-06-2012
რუსებსა და მათ ხელისბიჭ, რამზან კადიროვს რომ ჰკითხო, ჩეჩნეთში სრული სიმშვიდეა და საათივით აწყობილი აქვთ საქმე. თუმცა, ეს მტკიცებულება რომ ჭეშმარიტებას ძალზე დაშორებულია, საეჭვოა თავადაც არ ესმოდეთ, მაგრამ, კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას ასე სურს და რა უნდა ჰქნან. ამიტომ, ისინიც ქვევრივით იმას იმეორებენ, რასაც ჩასძახებენ. არადა, ფაქტია, რომ, ჩეჩნეთში დღე არ გავა, ვინმე ან რამე არ ააფეთქონ და სისხლი არ დაღვარონ.
განცხადება იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში რამზან კადიროვი სიტუაციას სრულად აკონტროლებს, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის მოტყუება. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარებაო, აცხადებდნენ მაშინაც, როცა ჩეჩნეთის პრეზიდენტად რუსების მიერ დასმული რამზან კადიროვის მამა, მუფტი ახმად–ხაჯი კადიროვი, 2004 წელს გროზნოში, „დინამოს“ სტადიონის გახსნისას მოკლეს.
მაშინ მისმა მემკვიდრემ და ჩეჩნეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მამამისი, ლონდონში მცხოვრებმა პოლიტდევნილმა, „ჩეჩენი სეპარატისტების“ ემისარმა, ახმედ ზაკაევმა მოაკვლევინა და ამისთვის მან ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა. თუმცა ისიც, ფაქტია, რომ ამის მტკიცებულებანი, დღემდე არ არსებობს.
ახლა, ვინ რა გადაიხადა, უცნობია, მაგრამ, ინტერნეტ–პორტალ „ვესტი. რუს“ მიერ 16 ივნისს ადრე დილით გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გროზნოში ორი „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომლებიც იქ „იჩქერიის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა“ ლიდერმა, დოკუ უმაროვმა გააგზავნა რამზან კადიროვის გასანადგურებლად.
როგორც რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აცნობეს, „ბოევიკების“ ლიკვიდაციის ოპერაციაში ხუთი კაცი მონაწილეობდა კურჩალოის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის, ხამზატ ედილგირიევის მეთაურობით. სპეცოპერაციას, რომელიც 15 ივნისს ჩატარდა, უშუალოდ თავად რამზან კადიროვი ახორციელებდა.
როგორც ემანგელდიევისთვის შეუტყობინებია ჩეჩენ „ბოევიკთა“ რიგებში ჩანერგილ ინფორმატორს, უმაროვმა გროზნოში თვითმკვლელები გამოგზავნა,რომელთაც დავალებული ჰქონდათ ნეიბისმიერი ქმედების განხორციელება, თვითაფეთქების ჩათვლით, რამზან კადიროვის ლიკვიდაციის მიზნით.
„უმაროვი ამ დავალებას იმით ხსნიდა, რომ რესპუბლიკაში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია სხვა ტერაქტებით, თანამდებობის პირთა აფეთქებებითა და მკვლელობებით, თუ რამზან კადიროვს არ მოკლავენ. „ბოევიკების“ ტყის მასივიდან გამოსვლისთანავე მათზე თვალთვალი დაწესდა. როცა მიღებულ იქნა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ისინი ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ, მათი დაპატიმრება გადაწყდა“, – განაცხადა ედილგირიევმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ოპერაციის მსვლელობისას მებრძოლებმა წინააღდეგობა გაუწიეს და ისინი განადგურებულ იქნენ.
„ადგილიდან ამოღებულ იქნა სასროლი იარაღი და ასაფეთექებელი ნივთიერებები, ტარდება ღონისძიებანი „ბოევიკთა“ ვინაობის დასადგენად. ოპერაციის მონაწილეთა შორის არავინ დაზარალებულა“, – დასძინა ედილგირიევმა.