ამერიკელი ანალიტიკოსი: ყარაბაღში ყოფნამ გამიღრმავა აზრი, რომ ომი გარდაუვალია
20:55:06     15-06-2012
„2008 წლის ზაფხულში დასავლეთი სერიოზულად შეაშფოთა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამ, რამაც საქართველოსა და რუსეთის ომი გამოიწვია. მანამდე, ბევრი აიძლეოდა გაფრთხილებას, რომ ოსეთში ან აფხაზეთში შეიძლება კონფლიქტი გაჩაღებულიყო, მაგრამ მაშინ დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობამ ეს ყურს მიღმა გაატარა. დღეს კავკასიაში ახალი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებები გაისმის, ამჯერად, უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და დასავლეთი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერიოს, რათა ახალი ომის შესაძლებლობა აღკვეთოს“.
ამ განცხადებას ამერიკელი ანალიტიკოსი, „საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკული საბჭოს“ წარმომადგენელი უეინ მერი აკეთებს, რომელიც პირადად იმყოფებოდა მთიან ყარაბაღში და აშკარა ომის საფრთხე დაინახა.
ამერიკელი ანალიტიკოსი ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. სწორედ აქედან მოხვდა ყარაბაღში, თუმცა წერს, რომ ვიზიტი პირადი იყო და ამდენად, აშშ-ის ხელისუფლებას ის არ აუკრძალავს. მერი წერს, რომ იმდენად აინტერესებდა საკუთარი თვალით ენახა „ფრონტი“, რომ აზერბაიჯანული მხარის ნებართვის გარეშეც თავს ამის უფლება მისცა, თუმცა მაქსიმალურად დაიცვა ნეიტრალიტეტი.
ყარაბაღში ყოფნის 3 დღის განმავლობაში, მას კიდევ უფრო მეტად გაუღრმავდა აზრი, რომ ომი გარდაუვალია.
„მე მოვახერხე მივსულიყავი სამხედრო ნაწილებში, რომლებიც ყარაბაღშია განთავსებული, ვწვეოდი აკრძალულ ზონებს - „ქალაქ-აჩრდილებს“, რომლებიც ახალი ომის არენად შეიძლება იქცნენ. ასევე ვიყავი მოწინავე ხაზზე და მომიხდა პირისპირ დგომა აზერბაიჯანელ სამხედროებთან - ფრონტის მეორე მხარეს, რომლისგანაც 200 მეტრი მაშორებდა. ჩემი საუბარი ყარაბაღის წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან უსაფრთხოებას და შესაძლო ომს ეხებოდა. მაგრამ არც ტრანშეებს, არც ნაღმებს, არც არტილერიას არ გაუღრმავებია ჩემი შიში ახალი ომის შესახებ. ეს ამ ადამიანებთან საუბრის შედეგად მოხდა“ - წერს მერი.
ის იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, ომის სტიმულად იქცეს. 1994 წელს დადებულმა ზავმა მხარეების გაუცხოება განაპირობა და არ გააუმჯობესა სიტუაცია. ორ ქვეყანაში პროპაგანდა ერთმანეთის მიმართ სიძულვილს აძლიერებს.
თუ საბჭოთა პერიოდში ყარაბაღი მულტინაციონალური რეგიონი იყო, დღეს იქ მხოლოდ სომხები ცხოვრობენ, აზერბაიჯანელების საცხოვრებელი ადგილები კი გაუკაცრიელებულია. ძალიან ცოტამ იცის აზერბაიჯანული.
ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობა სულაც არ ამცირებს ომის საფრთხეს. დიპლომატები გულმოდგინედ მუშაობენ, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ეს კი, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ბევრს აძლევს მიზეზს, რომ „გადამწყვეტი ზომებით“ გადაჭრას საკითხი.
საერთაშრისო საზოგადოებამ უფლება მისცა ბაქოსა და ერევანს, არ მოახდინონ თავისი მოსახლეობის ინფორმირება კომპრომისებზე, რაც მშვიდობიანი დარეგულირებისთვისაა აუცილებელი. ორივე საზოგადოებას მაქსიმალისტური მოლოდინები აქვს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ფართომასშტაბიანი წარმატებული ომით.
რეგიონში გრძელდება გამალებული შეიარაღება, რაც უფრო ინტენსიურად ვლინდება აზერბაიჯანის მხრიდან, რადგან მას ნავთობის მარაგები აქვს. სომხეთიც, რუსეთის წყალობით, ცდილობს, არ ჩამორჩეს ამ შეიარაღებას. ამ გამალებული შეიარაღების მასშტაბები კი მნიშვნელოვანია.
მაგალითად: ყარაბაღში სავარაუდოდ 140 000 ადამიანი ცხოვრობს და „რესპუბლიკას“ 300 საბრძოლო ტანკი ჰყავს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ძალიან ბევრია. ძირითადი მომენტი, რაც აზერბაიჯანს შეიარაღების ყიდვისკენ უბიძგებს, არის ის, რომ ქვეყანას სურს დაიბრუნოს ის, რაც 1994 წელს დაკარგა და შესაძლოა, შეაშინოს კიდეც სომხეთი, რათა გარკვეულ დათმობებზე წასვლა აიძულოს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ, ხშირად, უცხოეთი არ იტყობინება. სნაიპერთა ტყვიებისგან ზარალდებიან ფერმერები და ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობა. რეგიონში ომის ატმოსფეროა შენარჩუნებული. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე სნაიპერულ ურთიერთსროლებს ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში ოსეთში ომის წინ.
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი კი ის არის, რომ ორივე მხარეს სურს ომი და მას გარდაუვლად თვლის. ბევრი თვლის, რომ ომი დაასრულებს დავას და სიტუაციას დიპლომატიური ჩიხიდან გამოიყვანს. კონფრონტაცია ფართოვდება და არცერთ მხარეს არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ წინ აღუდგეს კონფლიქტს.
აზერბაიჯანი თვლის, რომ დიდმა დანახარჯებმა შეიარაღებაზე, ძალთა ბალანსი შეცვალა და სჯერა, რომ იქნება სისხლიანი, მაგრამ სწრაფი ომი, რის შემდეგაც ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს. სომხეთს კი სჯერა, რომ ომის შემთხევაში ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და ბაქომდეც კი შეუძლიათ მივიდნენ.
ამერიკელი ანალიტიკოსი მსოფლიო საზოგადოებას ყარაბაღზე ყურადღების მიპყრობისკენ მოუწოდებს, რადგან კონფრონტაციის შემთხვევაში, გარდაუვალია, რომ მასში სომხეთ-აზერბაიჯანის „მფარველები“ ჩაერთვებიან: სომხეთს რუსეთის იმედი ექნება. თურქეთს რუსეთისგან განსხავებით არ აქვს იურიდიული ვალდებულებები აზერბაიჯანთან, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტს დიდი რეზონანსი აქვს თურქეთში, რომელსაც თავის მხრივ არც ისე მეგობრული ურთიერთობები აქვს სომხეთთან. ირანს არც ისე სერიზოზული ინეტერსები აქვს ამ კონფლიქტში, მაგრამ კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს სომხეთთან და აშკარად არაკეთილგანწყობილია აზერბაიჯანის მიმართ. მხარეები, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მფარველები მოიზიდონ. ამის შედეგები კი საშიში და არაპროგნოზირებადია - წერს უეინ მერი.