ტერენტი გრანელი - „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“

  09:24:23     15-06-2012

ტერენტი გრანელი  - დიდი ქართველი პოეტი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებელი. მისი ლექსების გახსენება ხანდახან აუცილებელია.

დღეს გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“.
 
გრანელის ნამდვილი გვარია კვირკველია. ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის ოჯახში. ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია. სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. დაამთავრა 1920 წელს.

„წალენჯიხელის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“...

1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა (ტრისტან მაჩაბელი, პაატა ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები).

 1924 წელს გამოვიდა მისი კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელიც ასევე აღფრთოვანებით მიიღო საზოგადოებამ. იმ წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო...
 
გავიხსენოთ ტერენტი გრანელის ლექსი „შალვა დადიანს“, რომელიც კარგად გვიჩვენებს თუ როგორ უჭირდა მატერიალურად დიდ პოეტს...

შალვა დადიანს

დღეს შალვა დადიანი შემხვდა და მითხრა: ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!...

ძვირფასო შალვა, არმცთუ კაცმა, -
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.
შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა.

ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს, „არამიანცის“ საავადმყოფოში. დაკრძალული იყო პეტრე-პავლეს ეკლესიის საასფლაოზე. შემდეგ გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე

საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.

დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მივექანები.

მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.