
რუსები აშშ-ზე უფრო დიდ მტრად საქართველოს მიიჩნევენ
08:05:54     15-06-2012
გაზეთ „ვედომოსტის“ცნობით, „ლევადა–ცენტრმა“ 25–29 მაისს მთელი რუსეთის მასშტაბით, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის დროსაც ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებიდან 1,6 ათასი ადამიანი გამოიკითხა. სოციოლოგიურ გამოკითხვის მთავარი დანიშნულება კი ის იყო, რომ მას უნდა გამოევლინა რუსეთისადმი მეგობრულად და მტრულად განწყობილი ქვეყნები.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რუსები საქართველოს კვლავინდებურად რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევენ. ოღონდ, თუ წინა გამოკითხვებში საქართველო ფიგურირებდა როგორც ერთ–ერთი ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყანა და მას ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებდა ამ მხრივ, ახლა სურათი შეიცვალა და უპირობო ლიდერები გავხდით. ყოველ შემთხვევაში გამოკითხულთა 41 % ასე ფიქრობს.
„ლევადა–ცენტრის“ მასალებში ნათქვამია, რომ გასულ წელს ასე ფიქრობდა რუსეთის ყოველი მეორე მცხოვრები. შესაძლოა, ეს გამოკითხვა ედოს საფუძვლად პუტინის ხელისუფლების ბოლო განკარგულებასაც რუსეთიდან ქართველთა გაძევების შესახებ. მართალია, ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე საემიგრაციო სამსახურმა გააკეთა, მაგრამ უპუტინოდ, რუსეთის ხელისუფლებაში არანაირი გადაწყვეტილება რომ არ მიიღება, ამას კრემლში არც არავინ მალავს.
იმათი რიცხვი კი ვინც რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილ ქვეყნად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს, მხოლოდ 35 %–ს შეადგენს.
დაახლოებით, გამოკითხულთა მეოთხედი მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი ნეგატიურად არიან განწყობილნი ასევე: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. უკეთესად აფასებენ რუსები ყირგიზეთთან, სომხეთთან და რუმინეთთან ურთიერთობებს.
რაც შეეხებათ რუსეთის მეგობრებს, ასეთებად გამოკითხულნი თვლიან ბელორუსიას(34 %), ყაზახეთსა (28 %) და გერმანიას (17 %). გასული წელს გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამჟამად გამოკითხულთა 54 % აღმოჩნდა ასეთი. რესპონდენტთა უმეტესობა ევროკავშირის მიმართაც დადებითაა განწყობილი. 2011 წელს ასეთი 60 % აღმოჩნდა, ხოლო 2012 წელს კი – 64%. უკრაინის მიმართ დადებითად განწყობილი კი 2011 წელს 65% იყო, ხოლო 2012 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ 1 %–ით გაიზარდა.
როგორც გამოკითხვამ უჩვენა, ფედერაციის მცხოვრებთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნები. გამოკითხულთა, დაახლოებით, თანაბარმა პროცენტმა (17 % და 14 %) განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა იყვნენ ქვეყნები დახურული საზღვრებით და რომ რუსეთმა უკრაინამ უნდა შექმნან საერთო სახელმწიფო.
რუსეთში მცხოვრებთა სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო კავშირები უნდა გაამყაროს, ხოლო ყოველი მეორე ფიქრობს, რომ ასევე აუცილებელია მუსულმანურ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება.