ანსამბლი „გორდელა“ 5 წლის გახდა (ვიდეო)
14:40:59     14-06-2012
ქართული ტრადიციული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი „გორდელა“ დღეს 5 წლის გახდა.
გოგონათა ანსამბლი 2007 წელს ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასში გაერთიანებულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 11 სტუდენტი გოგონა.
ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს მელოდიების ფართო სპექტრს, რომელიც ადრეული, შუა საუკუნეებისაა და პირვანდელი სახით ინარჩუნებს ქართული კულტურის იმ ნიმუშებს, რასაც ხალხური სიმღერა ჰქვია.
ანსმბლის მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკა არანჟირებულია ანსამბლის ხელმძღვანელის, თამაზ მამალაძის მიერ. ანსამბლი ასრულებს მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს, როგორც ა-კაპელა, ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. მისი წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე. ესენია სიმებიანი ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი, ჩასაბერი, სალამური, ჭიბონი, ლარჭემი, დასარტყმელი – დოლი, დაირა და გარმონი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონათა ანსამბლი არსებობის არც ისე დიდ დროს ითვლის, მან პოპულარობა მალევე მოიპოვა.
ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები ძირითადად სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელსაც ათასობით მომხმარებელი უსმენს.
„თსუ გორდელას“ წევრებმა რამდენიმე თვის წინ სოლო კონცერტიც გამართეს.
ამასთანავე ანსამბლი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლი არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი.
რა არის გორდელა? ამ კითხვას პასუხი თავად ანსამბლის წევრებმა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასცეს.
„ გურული სიმღერები ძირითადად სამხმიანია, თუმცა ვხვდებით ერთი და ორ ხმიანი სიმღერების ნიმუშებსაც. რაც შეეხება ოთხხმიანობას. მას მხოლოდ გურიასა და აჭარაში ვხვდებით. ოთხხმიანობა მხოლოდ შრომის, კერძოდ "ნადურ" სიმღერებს ახასითებთ.
ნადი კოლექტიური შრომის ფორმაა, რომელშიც ერთიანდება 8დან-12მდე კაცი (ერთპირული ნადის შემთხვევაში), ხოლო ორპირულ ნადში 16დან-24 კაცამდეა გაერთიანებული. ნადის წევრები, მუშა ხელი და მომღერლები ერთდროულად არიან. მათი მხნე რიტმული სიმღერა ახალისებს და ამსუბუქებს შრომის სიმძიმეს.
შემონახულია ოთხხმიანი სიმღერების ხმათა დასახელება:
I ხმა -კრიმანჭული, კრინი, წვრილი, გამყივანი II ხმა - მთქმელი, დამწყები, მწყებელი, მოძახილი. III ხმა - შემოძახილი, ანუ მაღალი ბანი. IV ხმა - ბანი.
სამხმიანობაში კი ხმათა შემდეგნაირი დასახელებაა: I ხმა კრიმანჭული, გამყივანი, წვრილი. II ხმა - მთქმელი, დამწყები. III ხმა - ბანი.
გურიაში თითქმის ყოველ სოფელს თავისი ნადური გააჩნია: "გურიანთელა", "შემოქმედურა", "ბაილეთურა", "ჩოჩხათურა", "გ ო რ დ ე ლ ა", "საჯავახო", "ჯიქურა" და სხვ.
შეიძლება ითქვას, რომ აჭარულ ნადურ სიმღერებთან ერთად გურული ნადური სიმღერები უჩვეულო მოვლენას წარმოადგენენ მსოფლიო ხალხთა მუსიკალურ პრაქტიკაში“- ნათქვამია განმარტებაში, რომელიც დღეს „გორდელას“ წევრებმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსეს.