კლინტონმა ირანი გააფრთხილა, ბირთვულ იარაღზე უარი თქვას

  09:15:10     14-06-2012

როგორც ცნობილია, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ  ეშტონისა და ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ბირთული პრობლემის საკითხზე მთავარი მომლაპარაკებლის, საიდ ჯალილის შეხვედრა ირანის ბირთულ პროგრამაზე საერთაშორისო შუამავალთა პოლიტდირექტორების მონაწილეობით, მოსკოვში 18–19 ივნისს შედგება.

მანამდე კი სააგენტო Mehr–ის ინფორმაციით, საიდ ჯალილმა და ქეთრინ ეშტონმა მოსკოვში შეხვედრის წინ განსახილველ საკითხებზე ტელეფონით იმსჯელეს. ტელეკომპანია Press TV–ის მონაცემებით კი, ირანის საკითხზე მომუშავე „ექვსეული“ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოონ ბაღდადში წინა შეხვედრის დროს ირანის მიერ შეთავაზებულ ხუთ პუნქტზე.

ირანმა და ჯგუფმა „5+1“ (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ, პლუს გერმანია) ხანმოკლე დროში მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გამართეს – ბაღდადში 23–24 მაისსა და სტამბულში აპრილის შუა რიცხვებში. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მომავალი შეხვედრა 18–19 ივნისისთვის მოსკოვშია დანიშნული.

საერთაშორისო შუამავალთა „ექვსეული“, „მაგატესთან“ ერთად, შეეცდება ირანი ურანის გასამდიდრებელი სამუშაოების შეწყვეტაზე დაითანხმოს.

აშშ და დასავლეთის რიგი სახელმწიფოები ეჭვობენ, რომ ირანი მშიდობიანი ატომის პროგრამის საფარქვეშ ბირთვულ იარაღს აწარმოებს. როგორც ცნობილია, თეირანი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, მისი ატომური პროგრამა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ელექტროენერგიით მოთხოვნილების უზრუნვეყოფისკენ. რიგმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერომ ირანის მიმართ სანქციის გატარების რეზოლუცია მიიღეს და ისლამური რესპუბლიკისგან მოითხოვეს ბირთვული პროგრამის სრული გამჭვირვალეობა.

სანამ „ ექვსეული“ და ირანი მოსალაპარაკებლად დასხდებიან, მანამდე, 13 ივნისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე და „ექვსეულის“ პირობები მიიღოს.

ეს პირობები კი იმაში მდგომარეობს, რომ ირანმა ატომურ პროგრამაზე საერთოდ უარი განაცხადოს. დათანხმდება თეირანი ამ წინადადებას თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგანაც სააგენტო Fars–ის ინფორმაციით, თეირანი უკვე შეუდგა ატომური წყალქვეშა ნავების შექმნას. ამის შესახებ 12 ივნისს  Fars–ს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო–საზღვაო–ძალების მეთაურის მოადგილემ, ადმირალმა აბს ზამინიმ განუცხადა.

„ირანი ითვისებს მშვიდობან ბირთვულ ტექნოლოგიებს, ამიტომაც სრულიად კანონზომიერია ის, რომ ატომური წყალქვეშა ნავების წარმოება ჩვენს დღის წესრიგშია“. მანვე ასევე დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას „უფლება აქვს ატომური ენერგია  სამშიდობოდ გამოიყენოს, მათ შორის ატომური წყალქვეშა ნავების აღსაჭურვად“.

ზამინის თქმით, ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი ნაბიჯია გაკეთებული: დაიწყო ატომური სუბმარინების პროექტირება.

ჯერჯერობით, ირანის სამხედრო–საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია 1990 წლებში რუსეთისგან შესყიდული „კილოს“ კლასის სამი არატომური წყალქვეშა ნავი, ასევე  „გადირის“ კლასის სუბმარინები, რომლებსაც ირანის ეროვნული სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს.