ტიციან ტაბიძის „ტფილისი“

  09:01:02     14-06-2012

ტიციან ტაბიძე - დიდი ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი და ფუძემდებელი.
 
ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე დაიბადა 1893 წლის 21 მარტს, სოფელ ჭყვიშში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში.

პატარა ტიტემ წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა სოფლის სკოლაში, რომელიც მათ სახლში იყო გამართული. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1906 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში. 1913 წელს მოეწყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ლექსებს  მოწაფეობის ხანიდან წერდა. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", “ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში".

იყო „ცისფერყანწელთა“ საძმოს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. ავტორია წერილისა „ცისფერი ყანწებით“.

მოსკოვიდან დაბრუნების მერე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის საკითხებზე, ქართველ და უცხოელ მწერლებზე, მხატვრებზე, კულტურის მოღვაწეებზე. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.

ტიციანს ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, არაგონის, ისააკიანისა და სხვების ნაწარმოებები.

ჩვენი საყვარელი პოეტი, შესანიშნავი ადამიანი ბოლშევიკებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 1937 წელს. ტიციანის სიკვდილის ვითარების შესახებ ორი ვარაუდი არსებობს, დახვრიტეს ან სხვა ვერსიით, ცომბირში გადასახლებისას უკაცრიელ ტრამალზე ჩამოსვეს მატარებლიდან და ყინვაში, ქარბუქში დატოვეს...  
 
45 წლისაც არ იყო...

გავიხსენოთ ტიციანის შესანიშნავი ლექსი „ტფილისი“ (ზოგიერთ გამოცემაში, მაგალითად ქართული პოეზიის 12-ე ტომში - „თბილისი“).

ტფილისი

(ოდა)

მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.

მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;

ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.

თათრების სისხლით მეწამული გამხდარა მტკვარი
და როგორც მოსეს - სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.

ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა -
მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.

ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს.
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..

თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის - ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.

მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი...

1923 წელი