
კადიროვმა მოსკოვს თითი დაუქნია: არც წესი იცით, არც კანონი და ჩეჩნებს ნაციონალური ნიშნით გვჩაგრავთ
21:22:04     13-06-2012
ვლადიმერ პუტინის ფანი და დიდი მეგობარი რამზან კადიროვი რუს სამართალდამცავებზეა გაბრაზებული, რომლებმაც სავაჭრო ცენტრ „ევროპეისკისთან“ ჩხუბის შემდეგ ჩეჩენი სტუდენტები დააკავეს.
კადიროვმა ამ ხუმრობა-ხუმრობაში პუტინის სამართალდამცველები მიწასთან გაასწორა და ფაქტობრივად, ველურები და ნაციონალური შუღლის გამღვივებლები უწოდა რუსულ მედიასთან ერთად.
ჩეჩნეთის ლიდერის პრეტენზიები და ბრალდებები საკმაოდ თამამია. ჩეჩენი სტუდენტების დასაცავად კადიროვმა, პუტინს, გულში ჩადებული ყველა წყენა „გადმოულაგა“.
ერთი კვირის წინ მოსკოვში ახალგაზრდების ორი ჯგუფს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი ტრავმატული იარაღითა და დანით დაჭრეს. მალე დააკავეს 22 წლის დიხკამ რიზვანოვი, რომელსაც, სავარაუდო თანამზრახველთან ერთად ფეხბურთის გულშემატკივარ ალექსეი უსაჩოვზე თავდასხმისა და მისი მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 8 ივნისს ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელი გაჩხრიკა და 17 თავდამსხმელი იპოვა, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, გამოძიების ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში უკანონოდ ცხოვრობდნენ.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ეს ყოველივე მისი თანამემამულეების „ეთნიკური წარმომავლობის“ გამო მოხდა. და საერთოდ, მან რუს წესრიგისდამცველთა „მავნე ჩვევაზე“ მიუთითა - „როგორც კი კონფლიქტში გარეული პირი ჩეჩენი ან ჩრდილოკავკასიელი აღმოჩნდება, რუსები მას ყველანაირი გამოძიების გარეშე ბრალდებულად აცხადებენ“ - აღნიშნა მან.
„ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვართ სამართალდამცავთა მოქმედებებით საერთო საცხოვრებელში და ამ მოვლენებზე მედიის რეაქციით. ყოფითი კონფლიქტი სახელმიწიფო მასშტაბის მოვლენის რანგში ადის. გამოძიების შედეგებს არ ელოდებიან, ისე აცხადებენ სტუდენტებს ბრალდებულებად. თანაც, საფუძვლად ნაციონალური კუთვნილებაა აღებული“ - განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ დაკავებულები მხოლოდ იმაში არიან დამნაშავეები, რომ ჩეჩნები არიან და განათლების მიღება სურთ.
კადიროვი პუტინის სამართალდამცველებს ცივილურ წესებსაც ასწავლის: კანონი გულისხმობს მოწმის მოწვევას უწყებით. მისი ძალით მიყვანა დაკითხვაზე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უარის თქმის დროს შეიძლება.
კადიროვი აღშფოთებას ვერ მალავს, რომ რუსები „შევარდნენ საერთო საცხოვრებელში და ძალა გამოიყენეს სტუდენტების მიმართ და მათ პროვოცირებას ახდენდნენ, რათა საპასუხო რეაქცია გამოეწვიათ“.
ჩეჩნეთის ლიდერს არც „პროვოკატორი რუსული მედია“ მოსწონს, რომელიც ასეთ შემთხვევებში ნაციონალურ შუღლს კიდევ უფრო აღვივებს. მისი თქმით, ჩეჩენ ახალგაზრდებს უნერგავენ, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები და უაზრობაა მათი მისწრაფება - გახდნენ სპეციალისტები და განათლებულები, „ინტელიგენტი ადამიანები რუსეთში“.
ირონიაც კარგად გამოიყენა:
და ამას აკეთებენ - ვინ? რუსები, რომლებიც, კადიროვის თქმით ათასობით კონფლიქტის გმირები არიან და მაგალითად, „მიზერული პენსიის გამო ხოცავენ მოხუცებს, ბავშვების შეურაცხყოფამ ხომ საერთოდ, ნაციონალური ტრაგედიის ხასიათი მიიღო, მიტინგებზე კი პოლიციელების თავზე არმატურა დაფრინავს…“
კადიროვის აღშფოთება, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, რადგან ცნობილი გახდა, რომ ჩეჩენი სტუდენტები საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს - წლის ბოლოა და ლექციებზე მაინც არ დადიან, წავიდნენ და ჩეჩნეთში გაატარონ ზაფხული. ამის გამო მათ გამოცდები ვადაზე ადრე ჩააბარებინეს კიდეც და დროებით კავკასიაში გაასახლეს.