რუსული მოიერიშე ვერტმფრენები ასადის სისხლიანი რეჟიმის დასახმარებლად მიემართებიან
17:47:39     13-06-2012
რუსეთის მიერ სირიისთვის გაგზავნილი მოიერიშე ვერტმფრენები გზაშია და მას მალე მიიღებს ბაშარ ასადი.
„ჩვენ გვაშფოთებს სულ ახალი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, რომ რუსეთიდან სირიისკენ მოიერიშე ვერტმფრენები მიემართება“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და დასძინა, რომ ეს კონფლიქტის „დრამატულ ესკალაციას“ გამოიწვევს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნუილანდმა კი დააზუსტა, რომ საუბარია ახალ რუსულ ვერტმფრენებზე და არა იმაზე, რაც მოსკოვმა ადრე უკვე მიჰყიდა დამასკოს.
აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დამასკოსთვის იარაღის მიწოდება, თუმცა მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ასადი თავის მოქალაქეებს რუსული იარაღით არ კლავს. ვაშინგტონს კი ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი რუსული ვერტმფრენები ძველთან ერთად სირიის ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურების იარაღად იქცევა.
ნულანდის თქმით, კლინტონი „დარწმუნებულია ვერტმფრენებთან დაკავშირებით, რომლებიც გზაშია. საუბარია საბჭოთა ან რუსული წარმოების ვერტმფრენებზე“- აღნიშნა მან.
დაძაბულობა სირიაში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. გაეროს სამშვიდობო მისიამ გუშინ პირველად აღიარა, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
მანამდე კი ვიქტორია ნულანდმა ბაშარ ასადის ხელისუფლებას „ბოსნიის გაკვეთილი“ შეახსენა, როცა 90-იან წლებში ნატო იძულებული გახდა ბალკანეთის კონფლიქტში ჩარეულიყო.
„სამთრავრობო ძალებმა ზეწოლის პოლიტიკა ყველაზე საშინელი მეთოდებით გააძლიერეს, სრულად დაარღვიეს კოფი ანანის გეგმის ფარგლებში დადებული პირობა… ჩვენ შევახსენებთ სირიის ხელმძვანელობას ბოსნიის ერთ-ერთ გაკვეთილს. საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომელი ქვედანაყოფებია დამნაშავე ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. თქვენ თქვენი ქმედებებისთვის პასუხს აგებთ“ - განაცხადა ნულანდმა.
დიდი ბრიტანეთის ექსპერტებმა, რომლებიც სირიაში სიტუაციის შესწავლის მიზნით იყვნენ ჩასულები, თავისი კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელთა თანახმადაც ლონდონს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში, კონფლიქტის ესკალაციის მიზნით, ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებენ, რომლებიც „ალ-ქაედასთანაა“ დაკავშირებული.
„ბრიტანელი, გაეროსა და აშშ-ის ექსპერტები ყველა ინფორმაციას აგროვებენ, რათა ის მომავალში სასამართლოსთვის იქნას გამოყენებული“ - ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მხოლოდ ორშაბათს, ერთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით განხორციელებულმა შეტევებმა მინიმუმ 28 ადამიანი იმსხვერპლა. უფლებადამცველთა მონაცემებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ვერტმფრენებით დარტყმა მიიტანეს ქალაქ რასტანსა და ჰომსის პროვინციაზე. დასახლებულ პუნქტ კუსეირსა და ასევე ჰომსს კი ანტისამთავრობო ძალებმა შეუტიეს.
დასტურდება, რომ ასადის ძალები ჰომსსა და დიერ ელ ზორში საველე არტილერიას, რაკეტებსა და ნაღმტყორცნებს იყენებდნენ. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ლატაკიას რეგიონშიც, სადაც კოფი ანანის პრეს-სპიკერის განცხადებით, უამრავი ადამიანია ჩარჩენილი.
შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების დღიდან სირიაში უკვე 14 ათასი ადამიანია მოკლული. მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. გაეროს მონაცემებით, სირიის არმია ბოლო პერიოდში უსასტიკეს მეთოდს მიმართა. ისინი ბავშვებს ფარად იყენებენ შეტევების დროს. თავად ბავშვები ამბობენ, რომ მათ ძალით აიძულებენ დადგნენ ტანკების წინ, რათა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევისგან დაიცვან თავი. ხოლო მას, ვინც უარს იტყვის, აწამებენ და კლავენ.
ჟურნალისტები, რომლებიც სირიაში გაეროს დამკივირვებლებს ახლდნენ თან, ამბობენ, რომ არასოდეს უნახავთ მსგავსი რამ - როცა ბავშვებს არ ინდობენ და მათ გეგმაზომიერად ანადგურებენ.
სირიის არმიის ყოფილი ჯარისკაცებიც, რომლებიც ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, ყვებიან, რომ დასახლებული რაიონების დაცხრილვის წინ მათ აფრთხილებდნენ - არ დაენდოთ ბავშვები, ქალები და მოხუცები.
გაეროს ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც სირიაში კონფლიქტის ფონზე ბავშვების მდგომარეობას ასახავს, მაგალითის სახით მოყვანილია 2012 წლის 9 მარტის შემთხვევა, როცა რეიდის დროს ერთ-ერთ სოფელში ბავშვები ძალით გაიყვანეს სახლებიდან და ისინი „ცოცხალი ფარის სახით გამოიყენეს ავტობუსების ფანჯრებთან, სადაც სამხედროები ისხდნენ“.
გუშინ აშშ-მა ეჭვი გამოთქვა, რომ სირიის ხელისუფლება შესაძლოა, ლატაკიაში ახალი სასაკლაოსთვის ემზადება, რადგან იქ გაეროს წარმომადგენლების დაშვებაზე უარს ამბობს.
დამკვირვებლები უკვე ერთი კვირაა ცდილობენ შეაღწიონ ქალაქ ხაფაში, სადაც სამთავრობო არმიამ ოპოზიციის გამოდევნის მიზნით შეტევა განახორციელა. ქალაქი იმ რაიონის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც ბაშარ ასადის მხარდამჭერი ალავიტების სექტის წარმომადგენლები ცხოვრობენ და ალავიტური სოფლებითაა გარემოცული. ეს იწვევს შეშფოთებას, რომ ხაფას მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი შეიძლება გახდეს.