
მორიგი რუსული შურისძიება - მოსკოვი კვლავ ქართველებზე „ნადირობას“ იწყებს
15:20:12     13-06-2012
„ჩვენ მოვძებნით მათ და სასამართლოს გადავცემთ“ - ასეთი პასუხი გაისმა დღეს მოსკოვიდან, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ 2006 წელს განხორციელებული ქართველთა მასობრივი დეპორტაციის გამო საქართველოს სარჩელს განიხილავს.
მოსკოვს, რატომაღაც, დღეს გაახსენდა, რომ მათ ტერიტორიაზე 9 ათასი ქართველი, თურმე, „უკანონოდ“ იმყოფება და მათი საქმეების სასამართლოში გადაცემით იმუქრება.
მორიგი შანტაჟის „სამართლებრივი“ გაფორმება ასეთია:
„რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება 90 დღეზე მეტხანს, რაც კანონითაა დაშვებული. ჩვენ მათ მოვძებნით და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“ - განაცხადა მიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოსვკიმ.
სავარაუდოდ, მოსკოვი ქართველთა დევნის მორიგი ტალღისთვის ემზადება, თუმცა ის ვერ იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორც წლების წინ, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე ქართველთა რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული. თუმცა ამ მცირე ნაწილზეც ალბათ უმკაცრესი პრაქტიკა გავრცელდება, რომელიც მოსკოვმა ქართველების შემდეგ ტაჯიკებზე ნადირობაში კიდევ უფრო კარგად დახვეწა.
რუსეთი 2006 წელსაც ამტკიცებდა, რომ ათასობით ქართველის დეპორტაცია კანონის დაცვით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდებოდა.
დღესაც, რომოდანოვსკიმ იგივე გაიმეორა, როცა 2006 წლის მოვლენებისა და სტრასბურგში დაგეგმილი სასამართლო სხდომის კომენტირება სთხოვეს: „საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიგზავნა. თუ მოქაალქეები არღვევენ რომელიმე ქვეყანაში ყოფნის რეჟიმს და მერე მიდიან სამშობლოში, ამაში საშინელი არაფერია. ეს არც ისე მკაცრი სასჯელია“ - განაცხადა რუსმა ჩინოვნიკმა.
როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დაბრუნებულმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის მოიცალა, რომლებიც მოსკოვის სატელიტები არ არიან.
მიგრაციის სამსახურს უკვე ჩაუტარებია სპეცოპერაცია „არალეგალი 2012“ და 10-დან 31 მაისი ჩათვლით 2600 არალეგალი აღმოუჩენია. აქედან 500 დეპორტაციაც უკვე მომხდარა.
ამასთან, საქართველოზე შურისძიების კამპანიის პარალელურად, რუსეთი მოლდოვაზე ზეწოლისთვისაც ემზადება. რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში სამუშაოდ ჩასულ მოლდოვას 500 ათას მოქალაქეს, სავარაუდოდ, გააძევებენ რუსეთიდან, რაც ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე მოხდება. განკარგულების თანახმად, შრომითმა მიგრანტებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რუსული ენა, რუსეთის ისტორია და კონსტიტუცია.
საბაჟო კავშირში შემავალის ქვეყნების - ბელორუსისა და ყაზახეთის მოქალაქეებს ზემოთჩამოთვლი „საგნების“ ცოდნა არ ევალებათ, მოლდოვა კი, არ არის საბაჟო კავშირის წევრი და რაც მთავარია, დნესტრიპისრეთიდან „რუსეთის საოკუპაციო ჯარის“ გაყვანას მოითხოვს, - თანაც ისე, რომ ევროატლანტიკური მიმართულებით იყურება, რაც მოსკოვს ყველაზე მეტად აღიზიანებს.
როგორც გაზეთი „ნოვი რეგიონი“ ვარაუდობს, მოლდოველთა უმრავლესობა ამ „გამოცდებს“ ვერ ჩააბარებს, რაც რუსეთიდან მათი მასობრივი გაძევების საფუძველი გახდება.