ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს

  13:47:46     13-06-2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. ივანიშვილი უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე, რომელიც მას კონტროლის პალატის საჩივრის გამო დაეკისრა.

ამის შესახებ ოლიგარქმა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემას განუცხადა.  ივანიშვილი კომენტარში ამბობს, რომ გადაწყვეტილება, მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონო იყო, რის გამოც ჯარიმის გადახდას არ აპირებს. რაც შეეხება, შეკითხვას, რა იქნება გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ, ოლიგარქი აცხადებს, რომ ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონი ლარის გადახდაზე უარს აცხადებს.

„გამოიყენეთ მისი კომენტარი, მე ვეღარაფეს დავამატებ, სათქმელი უკვე თქვა ბატონმა ბიძინამ,“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მაია ფანჯიკიძემ. რა ზომებს მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო და დაყადაღებს თუ არა ოლიგარქის ქონებას 18 ივნისის შემდეგ? 

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ნიკა მელია აცხადებს, ჯერ მათ უწყებაში ამის შესახებ განაცხადი არ შესულა.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა ზომებს მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. გააჩნია სამართლებრივ საქმეს. დეტალები იქნება შესამოწმებელი. რა თქმა უნდა, კანონით შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას დაედოს ყადაღა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კონკრეტული საქმე არ არის. ამ საკითხზე მსჯელობაც იქნება მაშინ, როდესაც გვექნება წარმოებაში მიღებული საქმე, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ“-აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 11 ივნისს მიღებულ  გადაწყვეტილებაშია ნათქვამი,  ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით თავისი კომპანიის შპს „ელიტა ბურჯის“ სახელზე რეგისტრირებული 28 ერთეული ავტოსანტრასპორტო საშუალებით, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობაში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სერვისის გასავრცელებლად საბაზრო ფასზე დაბალ ფასად გასწია მომსახურეობა. 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ეს თანხა შვიდი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ჯარიმის გადახდა ნებაყოფლობითია. თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერი ნებაყოფლობით უარს  იტყვის ჯარიმის გადახდაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო  სამართლის აღსრულების იძულებით წესს გამოიყენებს და მის ქონებას ყადაღას დაადებს. ყადაღა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ვრცელდება, რომელიც პოლიტიკოსს საქართველოში აქვს.