უილიამ ბატლერ იეიტსი - „შავი კოშკის“ მხედარი
08:15:31     13-06-2012
1865 წლის 13 ივნისს დაიბადა, დიდი ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი უილიამ ბატლერ იეიტსი (William Butler Yeats), 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
მამა, ჯონ ბატლერ იეიტსი განათლებით იურისტი იყო, თუმცა მერე მხატვრობამ გაიტაცა. დუბლინიდან გაემგზავრა ლონდონში ფერწერის შესასწავლად. ხატავდა პორტრეტებს. უილიამის უმცროსი ძმა, ჯეკი მამის გზას გაჰყვა და ცნობილი მხატვარი გამოვიდა. 1880 წელს ოჯახი დაბრუნდა დუბლინში. იქვე დაამთავრა უილიამმა სკოლა და სამხატვრო სასწავლებელში მოეწყო.
პოეტმა ლექსების წერა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. 1885 წელს გაიცნო ჯონ ო’ლირი, "შინ ფეინის" წევრი, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნდა ირლანდიაში. იეიტსის ლექსები და სტატიები პატრიოტული თემატიკითაა გაჯერებული. მის შემოქმედებაში ჩანს ძველირლანდიური, კელტური ფესვები.
სამწუხაროდ, ირლანდიელებმა ვერ შეინარჩუნეს მშობლიური ენა სალიტერატურო ენად. ამიტომ, იეიტსი ინგლისურად წერდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი ეპოქისა და შემდგომი დროის ლიტერატურულ პროცესში, როგორც ირლანდიაში, ისე ინგლისსა და მთელ მსოფლიოში.
დაინტერესებული იყო მისტიკით, ოკულტიზმით. სამხატვრო სკოლიდან მეგობრობდა პოეტთან და ოკულტისტთან ჯორჯ რასელთან. მათ დაარსეს ჰერმერტული ორდენი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იეიტსი. 1880 წელს დაუკავშირდა თეოსოფისტებს, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით (არ მოეწონა, ალბათ, ბლავატსკაიას იდეები).
დიდი გატაცებით იღწვოდა ირლანდიის თავისუფლებისათვის. ეწეოდა ირლანდიური ფოლკლორის, ძველი და ახალი ლიტერატურის პოპულარიზაციას. წერდა პიესებს, აქტიურად მონაწილეობდა პირველი ირლანდიური თეატრის ჩამოყალიბებაში, იყო მისი დირექტორი. ის ითვლება ირლანდიური (კელტური) აღორძინების ერთ-ერთი უთვალსაჩინოეს ფიგურად. 1890 წელს შევიდა "ოქროს განთიადის" ორდენში, რომელიც ჩამოაყალიბა მაკგრეგორმა.
1917 წელს იყიდა ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრე - კოშკი, რომელსაც მერე ხშირად ახსენებდა თავის შემოქმედებაში (ამ კოშკზეა საუბარი მის წინამდებარე ლექსში, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს). იმავე წელს დაქორწინდა ჯორჯია ჰაიდ ლიზე და შეეძინა ქალიშვილი და ვაჟი. 1922 წელს გახდა დამოუკიდებელი ირლანდიის სენატორი.
1923 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1939 წლის 28 იანვარს.
უილიამ ბატლერ იეიტსის შემოქმედებას იცნობს ქართველი მკითხველი რამდენიმე მთარგმნელის მოღვაწეობის შედეგად. „შავი კოშკი“, რომელსაც ვთავაზობთ დღეს მკითხველს (და სხვა არა ერთი ლექსი), თარგმნა ცნობილმა მთარგმნელმა გია ჯოხაძემ.
უილიამ ბატლერ იეიტსის წიგნი-კრებული „კელტური მიმწუხრი” თარგმნა და გამოსცა ცნობილმა მთარგმნელმა მედეა ზაალიშვილმა. წიგნში შესულია ლექსები, პოემები, პროზაული ნაწარმოებები.
ამ წიგნის წინასიტყვაობაში მოთხრობილია, რომ კოლაუ ნადირაძისთვის ვიღაც უცნობს გამოუგზავნია იეიტსის წიგნი. კოლაუ ნადირაძე არ იცნობდა იეიტს და გაკვირვებული დაჰყურებდა თურმე მისამართს. შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო დიდი ირლანდიელი, რომელსაც ვაჟასა და ვასილ ბარნოვს ადარებს როსტომ ჩხეიძე. „იეიტსისეულ ირლანდიაში ქართველი მკითხველი საქართველოს დაინახავს, რადგან ირლანდიის საწუხარით დამძიმებულ შემოქმედს იგივე დარდი და ტრაგედია ჰქონდა, რაც მაშინდელ საქართველოსა და ქართველ მწერლებს" - ამბობს წიგნის რედაქტორი.
გავიხსენოთ დიდი ირალანდიელი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის ლექსი „შავი კოშკი“. ლექსის განწყობა საბრძოლოა, როგორც ირლანდიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი-პოეტის სულისკვეთება, რომელსაც საბრძოლო „შეძახილი არ სჭირდება“.
შავი კოშკი
(თარგმნა გია ჯოხაძემ)
უთხარით ყველას, რომ შავ კოშკში ეს სული ლხინობს,
საუზმის ნაცვლად აქ თეფშებზე მხოლოდ მტვერია,
ცარიელია ყველა ჯიბე, მჟავეა ღვინოც,
მაგრამ იცოდეთ, აქ მხედრისთვის ყველაფერია.
აქ დგას ჩაუქი გარნიზონი, ერთგული ფიცის,
სხვისი დროშების დაბლა დახრა რომელმაც იცის.
საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.
გვაწყდება მტერი, სპამრავალი, ბილწი, ძლიერი,
ბრიყვები ხართო, მეომრები მგლებივით ყეფენ.
დაგვიწყნიათო თვით ხელმწიფე კანონიერი...
აბა, ბრძოლაში, რა აზრი აქვს, ვინ არის მეფე?!
თუ ბრიყვები ვართ, რად წკმუტუნებს სული ფინიად,
ჩამქრალი ღველფის ასე ძლიერ რად გეშინიათ?
საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.
მზარეულს ჩვენსას საჭმლის შოვნა სურდესო თითქოს,
თან ჩიტებს უმზერს, და თან ფეხსაც საეჭვოდ ითრევს,
სამეფო ბუკის ხმა ისმისო და განგაშს ითხოვს,
ბიჭები აბჯრით მოასწრებდნენ შეჯავშნას ვიდრე.
ან სხვას რას მოსთხოვ? საქათმისთვის კვლავ იცლის მელა.
ჩვენ შეძახილი არ გვჭირდება, მწყობრში ვართ ყველა.
საფლავის კუპრი ჩვენს თვალებთან კისრულობს ბრძოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.