სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები არ წყდება

  15:43:33     12-06-2012

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  11 ივნისის 08:00 საათიდან 12 ივნისის 08: 00 საათამდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ისმოდა სროლის ხმა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით  მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული პოზიები სხვადასხვა მიმართულებით დაცხრილა, რაზეც აზებაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

„ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა გეიგელსკის, დაშკესანსკის, გადაბეისკის, გორანბოისკის, ტერტერსკის, აგდამსკის, ხოჯავენდსკის, ფიზულინსკისა და ჯებრაილსკის რაიონების მიმართულებით“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საზღვარზე სროლების ინტენსივობა მინელდა, თუმცა დაძაბულობამ პოლიტიკოსთან და სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებებში იმატა. ორივე მხარე საკუთარი შეიარაღებული ჯარების ძალების უპირატესობაზე საუბრობს და მოწინააღმდეგის „პროვოკაციებს“ „სათანადო პასუხით“ ემუქრება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სომხეთში დაიწყო შეკრება - ე.წ. ზბორები თანამდებობის პირთათვის. ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის სამინისტროში ტარდება. სომხეთის თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წევრებს თეორიულ ლექციას უკითხავს თემაზე: სახელმწიფოს თავდაცვა და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საფუძვლები. ლექციის მეორე ნაწილი, მოსახლეობის ქვეყნის დაცვისთვის მომზადებას ეხება. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ სწავლების პრაქტიკული ნაწილი დაიწყება. ხელისუფლების წევრებს სამხედრო ნაწილებში გადაიყვანენ, სადაც ისინი საცეცხლე მომზადებას გაივლიან.

„აზერბაიჯანი უპირატესობას მოლაპარაკებებს ანიჭებს, მაგრამ იმავდროულად განიხილავს პრობლემის მოგვარების სამხედრო გზასაც“ - ასეთი განცხადება კი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აიდინ მირზაზადემ გააკეთა. მისი თქმით, თუკი სომხეთი „კვალავ გააგრძელებს პროვოკაციებს, აზერბაიჯანს მკაცრი პასუხის გაცემა და საომარი მოქმედებების განახლებაზე დაფიქრება მოუწევს“. მირზაზადემ ისიც აღიარა, რომ მომავალში, მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის ალბათობა გაიზრდება.

სომხეთში დარწმუნებულები არიან, რომ აზერბაიჯანს ომის დაწყება სურს. სომხეთის სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი ამტკიცებს, რომ ბაქოს აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი ყარაბაღში ომის დაწყებას 2014 წელს აპირებს, სოჭის ოლიმპიადამდე ან ოლიმპიადის დროს, როცა რუსეთს სხვა საქმისთვის არ ეცლება. თუმცა ექსპერტის თქმით, ეს გეგმა, დროის თვალსაზრისით, შეიძლება შეიცვალოს.

ექსპერტები კი, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენენ, ომის საფრთხეს მოცემულ მომენტში ვერ ხედავენ და მიმდინარე პროცესებს, უფრო იმის მცდელობას მიაწერენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმოს.

ამასთან, ხაზს უსვამენ რუსეთის ფაქტორს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ საზღვარზე დაძაბულობის მომენტში საკუთარი ძალების დემონსტრირებისგან თავი შეიკავოს, სომხეთში განთავსებული 102-ე სამხედრო ბაზის ინტენსიურ წრთვნაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ რუსი მფრინავები სომხეთის საჰაერო სივრცეში უმაღლესი პილოტაჟის ტექნიკას ხვეწენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა იგორ გორბულმა განაცხადა, რომ პილოტები, რომლებიც 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, ამ „ფრენების დროს საბრძოლო სიტუაციებისთვის ემზადებიან“.