რუსებს აფხაზებისა და ცხინვალელების ნეიტრალური პასპორტებით აღჭურვა არ მოსწონთ

  16:37:16     11-06-2012

რუსები და მათი ოსი და აფხაზი მარიონეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ნეიტრალური პასპორტებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ ჰილარი კლინტონთან შეთანხმებამ, აშკარად გააღიზიანა. ამიტომ, რუსულმა პროპუტინისტურმა მასმედიამ, დღე არ გავა, რომ ამ საკითხს ღვარძლიანი სტატია არ მიუძღვნას. თითოეული მათგანი თითქმის მსგავსი შინაარსისაა.

პროპუტინისტური პრესის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამ გადაწყვეტილებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის მიმართ“ აშკარა პროვოკაციაზე წავიდა. ცხადია, რომ არც პროტუტინისტური და არც მათი მარიონეტი აფხაზური და ცხინვალური ხელისუფლებისგან  სხვა რეაქცია არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.

ამას წინათ ამ საკითხს თავისი ღრმაფილოსოფიური ნააზრევი მიუძღვნა „როსსისკაია გაზეტამაც“. გამოცემა ძალზე წუხს:  „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა  განაცხადა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „მოქალაქეებს“ აშშ–ში შეუძლიათ საქართველოს მიერ გაცემული პასპორტებით წასვლა“. მისივე მტკიცებით, თურმე ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ცხინვალშიც და სოხუმშიც „პროვოკაცია და პროპაგანდისტული ტრიუკი“ უწოდეს. თუმცა, ვინ უწოდა, ან ნამდვილად უწოდა კი ვინმემ ასე რიგით აფხაზებში, ან ოსებში, ამაზე რუსულ–პუტინისტური გამოცემა აშკარად დუმს, მაგრამ, თავის ნათქვამს ხომ რაღაც გამართლება უნდა მოუძებნოს და ამის გაკეთებას ცდილობს კიდეც. ოღონდ, საკმაოდ უნიჭოდ. თანაც ისე, რომ აშკარად ეტყობა, თავადაც არ სჯერა იმისი, რასაც წერს.

მოვიყვანთ ერთ–ერთ ციტატას სტატიიდან: „კლინტონმა განმარტა, რომ ვაშინგტონმა ასეთი გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის ხელი შეეწყო. 2012 წლის დასაწყისიდან მსგავსი დოკუმენტების აღება შესაძლებელია „საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებში ზუგდიდსა და გორში. თუმცა არც სამხრეთელ ოსებს და არც აფხაზებს „ნეიტრალურობა“მიმზიდველად არ მოეჩვენათ, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი სხვა ქვეყნებმაც – იაპონიამ, ჩეხეთმა, ლატვიამ და ლიტვამაც აღიარეს“.

რის საფუძველზე ამტკიცებს „როსსიისკაია გაზეტა“, რომ კლინტონის გადაწყვეტილება, „არც სამხრეთელ ოსებს და არც აფხაზებს „ნეიტრალურობა“ მიმზიდველად არ მოეჩვენათ“, ამის შესახებ გამოცემას მოყვანილი არ აქვს  თუნდაც ერთი  აფხაზი, ან ოსი ეროვნების რიგითი წარმომადგენლის გამონათქვამი. სამაგიეროდ, „მტკიცებულად“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვით სიტყვის დეპარტამენტის ასეთი კომენტარი დაურთო: „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ნეიტრალური პასპორტები“ სინამდვილეში სრულებითაც არ  გახლავთ ნეიტრალური. საქართველოს კუთნილებას შეიცავს გრაფა „სახელმწიფოს კოდი“, ამ დოკუმენტის გამცემ ორგანოდ ფიგურირებს საქართველოს შს სამინისტრო. ამგვარად, ამ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის არარსებობა მხოლოდ ფანდია“.

ამის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ეს დეპარტამენტი ისე ძველ კარგად ნაცნობ ზღაპრებს მოჰყვა, რომ „სახრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“არიან, რომ ასეთებად ისინი რუსეთმა ცნო და ა.შ.. ამას გარდა, გაზეთს მოჰყავს ასევე „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან“  არსებული ინფორმაციისა და მასმედიის სამმართელოს“ ხელმძღვანლის, კრისტიან ბჟანიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ ვიცე–სპიკერის, იური  ძუცოითის კომენტარები, რომლებიც ამ დოკუმენტის გამო „აღშფოთებას“ რომ  „ვერ დამალავდნენ“, ფაქტია.

კრიტიან ბჟანია: „საქართველოს ხელისუფალთა მტკიცებულებანი აფხაზებისთვის „ნეიტრალური პასპორტების“ გაცემის შესახებ   პროვოკაცია, პროპაგანდისტული ხრიკია“ (საინტერესოა, როგორ აღმოაჩნდათ რუსულ გაზეთსა და ბჟანიას იდენტური ლექსიკა?!, – ავტ.).

იური ძუცოითი: „მინდა მადლობა მოვუხადო, ქალბატონ კლინტონს მზრუნველობისთვის, მაგრამ ოს ხალხს მეტ სარგებელს მოუტანდა, თუ ის თავისთან სახლში, „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხს დააყენებდა...“ (ამან უფრო მეტი მოინდომა, თუ მოანდომებინეს, ვიდრე ბჟანიამ, – ავტ.) და შემდეგ უკვე ძვეილი „რუსული სადღეგრძელოთი“ გააგრძელა „ნეიტრალური პასპორტების“ მიუღებლობის შესახებ. თუმცა, რატომაა მიუღებელი, მან ვერ დაასაბუთა.

ან საინტერესოა, როგორ უნდა დაესაბუთებინა?!