
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონ 220 ათასი ლარით დააჯარიმა
15:50:28     11-06-2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა დასრულდა.
ბიძინა ივანიშვილი126 მილიონ 220 ათასი ლარით დააჯარიმეს. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ეს თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
კონტროლის პალატა ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას, ვინაიდან თვლის, რომ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების გადაცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება და შესაბამისად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.
საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჟურნალისტებს შესვლის საშუალება არ ჰქონიათ, ვინაიდან პროცესი მედიისთვის დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის მიერ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს საარჩევნო მიზნებისთვის, მოსახლეობისთვის ათობით ათასი სატელიტური ანტენის უსასყიდლოდ დარიგებაში.
პროცესზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, მისი ადვოკატები სანდრო ბარამიძე და შალვა თადუმაძე იცავდნენ, ხოლო კონტროლის პალატას პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი წარმოადგენდა.
თავიდანვე იყო ცნობილი, რომ თუკი სასამართლო ოქმს დააკმაყოფილებდა, ბიძინა ივანიშვილი 120 მილიონით დაჯარიმდებოდა, ამის შესახებ განცხადება კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა გააჟღერა.