
ჯეიმს აპატურაი, დღეს, საქართველოში, ნატო-ს კვირეულს გახსნის
12:02:38     11-06-2012
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვია. აპატურაი თბილისში ნატო-ს კვირეულს გახნის, რომელიც 16 ივნისამდე გაგრძელდება.
აპატურაი თბილისში წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა. მან ჟურნალისტებისთვის კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით.
„ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ნატო-ს კვირეულის გახსნაში მივიღო მონაწილეობა, მოხარული ვარ, რომ ღონისძიებაში ნატოს წევრი ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი. ვგეგმავ მთავრობის წევრებთან შეხვედრას და მსჯელობას საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე სამომავლოდ“.
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო რჩება ნატო-ს მეგობარ ქვეყანად და პარტნიორად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოება და ხელი შევუწყოთ თქვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას“-განაცხადა ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჯეიმს აპატურაი ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავს, შემდეგ კი ვიცე პრემიერ-მინისტრი და აპატურაი საქართველოში ნატო-ს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან.
გეგმის მიხედვით, დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და გიორგი ბარამიძის ერთობლივი შეხვედრა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ პროფესორებთან.
შეხვედრები გაიმართება ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
როგორც ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, დაგეგმილ შეხვედრებზე მთავარი თემა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგებია, რომელიც იქნება პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან სამიტის შემდეგ.
დღესვე საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდებიან თავისუფალ უნივერსიტეტში. შეხვედრაზე მთავარი თემა ნატოს პოლიტიკა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კვირეული საქართველოში ოფიციალურად 16 ივნისს დაიხურება. მას ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატო-ში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ.
ნატო-ს კვირეული საქართველოში მეხუთედ იმართება. კვირეულის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.