ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სემინარი
08:42:02     11-06-2012
13-14 ივნისს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სემინარი, რომელიც "ცისფერყანწელთა" პოეტური ორდენის შემოქმედებას მიეძღვნება.
სემინარის მასალები ტრადიციულად დაიბეჭდება.
13 ივნისი
I სხდომა - 10:00 სთ.
შესვენება - 13:30 სთ.
II სხდომა - 14:00 სთ.
14 ივნისი
I სხდომა - 10:00 სთ.
შესვენება - 13:30 სთ.
II სხდომა - 14:00 სთ.
რეგლამენტი 15 წუთი
მოხსენებების რეგისტრაცია გრძელდება!
599 75 98 94 თამარ ბარბაქაძე
593 36 22 88
ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სემინარის მონაწილეთა და სტუმართა რეგისტრაცია დაიწყება 13 ივნისს, 10 საათიდან.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
მისამართი: 0108, თბილისი, კოსტავას ქ. 5
www.litinstituti.ge E-mail: [email protected] ფაქსი: (995 32) 299-53-00 ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76
აქვე, მკითხველს ვთავაზობთ ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, პაოლი იაშვილის, შალვა აფხაიძის, შალვა კარმელის, ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის თითო ლექსს.
ვალერიან გაფრინდაშვილი
სანტიმენტალური ტრიოლეტი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ - მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.
კოლაუ ნადირაძე
25 თებერვალი
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
პაოლო იაშვილი
ზარის ხმა ქარში
ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნანი ნინა...
შორს სადღაცა ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა...
ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა,
ცვარი ბალახს მოსწყდა, სევდით დაიგმინა,
ქარში ზარის ხმა გაისმის:
ნაუ ნანი ნინა!
ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:
ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს...
ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს...
ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნინი ნანა...
ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა!
სადღაც ბერი მოკვდა...ქრისტე დაჰგმო, განა,
ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?!
ზარი უფრო კვნესის: ნაუ, ნანი ნანა...
ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას,
ქვეყნის სირცხვილს, ქვეყნის ჭორებს
ქარი ხელში ათამაშებს,
მოატარებს მთებს და გორებს,
ცოდვილ მიწას არ აშორებს,
ნაუ...ნანა...ნაუ, ნინი! ნაუ ნინა...
მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა,
წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა...
მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა,
შეწყდა ზარის კვნესა:
ნაუ... ნა... ა... ნ... ი... ნი... ნა....
შალვა აფხაიძე
სანტა მარია
თვალმიბნედილი ვდგავარ შენ წინ, სანტა მარია,
მახარებს ტანჯვა ღვთიურ სახეს რომ გილამაზებს,
მე შენზე ლოცვა ვამჯობინე ვერცხლის არმაზებს
და სხვა ოთახი უშენობით ყრუ სამარეა.
მწვანე ქვეყანაც - თუ ვერ გხედავ - უცხო მხარეა,
არც ხალისი აქვთ გაბრწინებულ ფერად დარბაზებს!
მე შენ სურათზე ვითვლი ჩუმად ვარდისფერ ხაზებს.
სანტა მარია, შენს ტუჩებზე სიმწუხარეა.
ქარვისფერ ლოცვებს ვადნობ შენს წინ ამაყი გურჯი,
ჩემ ფერად წარსულს რომ ვკითხულობ სათუთ დალალში,
შენი სახება ჩემ ოტახში არის საუნჯე.
და უცხო ხატი დაიწვება საფირონ-ლალში.
სანტა მარია! შენს ლოყებზე ცრემლები არი!
მიიღე ჩემგან საალერსოდ ეს მინანქარი.
შალვა კარმელი
ავტოპორტრეტი პროფილში
დავკარგე გვარი, შევამცირე მისი გაისი;
და ცრუ სახელად ავირჩია კარმელი ძვირი.
აჰ, ალბათ, ვინმეს ვეგონები უდაბნოს მწირი.
სხვა უდაბნოა საქართველო და ქუთაისი.
მისდევს ლეილას ჰაშიშებით გიჟი ყაისი,
მაგრამ ინფანტას ბრმა თვალებზე მე უფრო ვტირი.
გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირით.
ჩემთან ლოცვებში მწირ მოლოზნად მოვა თაისი.
მეფისტოფელის წამოსასხამს ვშლი ცეპელინად,
რომ გავადევნო პოეზიას ყველა მიზნები.
მე, მას, კარმელი, ვით მონასტერს შევეხიზნები.
ვტრიალებ დამწვარ არაბეთში მზიურ ელინად.
ვიცი: უთუოდ საამაყო მაქვს რეფლექსებში:
მდიდარი რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!
ტიციან ტაბიძე
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.
წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.
და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.
ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.
მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.
მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.
მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
გრიგოლ რობაქიძე
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.