
სეპარატისტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში „მორალური ფასეულობების რღვევაზე” წუხს...
12:12:17     09-06-2012
პოლიტიკური პარტიის „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. მასზე მისმა თავმჯდომარემ და აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები, აფხაზეთის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები, ასევე რუსეთის მხრიდან ფინანასური დახმარების საკითხები მიმოიხილა. მანვე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ძირითად მორალურ–ეთნიკურ ფასეულობათა რღვევა უწოდა.
მისი თქმით, საზოგადოების სოციალური დაყოფა სულ უფრო ღრმავდება, ეროვნული სიმდიდრე იყიდება და ნიავდება, ეკონომიკის ყველა სფერო, რომელშიც რუსული დახმარება არ მონაწილეობს, მკვეთრად ეცემა.
რაც შეეხება რუსეთის ფინანსური დახმარების მიტაცებას, ამის თაობაზე ხაჯიმბამ შეკრებილთ აქტებიც კი წარუდგინა, სადაც არაერთი ფაქტია აღრიცხული სახსრების ქურდობის შესახებ.
თუმცა,ეს არ ყოფილა უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც ხაჯიმბამ ყრილობის მონაწილეთ წარუდგინა. რუსეთ–აფხაზეთის „შეთანხმების“ საკითხზე ხაჯიმბამ დამსწრეთ აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის დადებული „შეთანხმების“ ტექსტი უჩვენა, რომელშიც, მარიონეტული ხელისუფლებისათვის კრედიტის გამოყოფას ეხება და იგი 2010 წლის 24 დეკემბრითაა დათარიღებული. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი აფხაზეთს „პარლამენტის“ მიერ ჯერ კიდევ არაა რატიფიცირებული, მაგრამ თანხების ათვისება უკვე დაწყებულია.
„ამ დოკუმენტის მიხედვით ორი მილიარდი რუბლის ვალი გვაქვს, ამასთან, როგორც „სახელმწიფოს“ წინა ხელმძღვანელი გავრწმუნებდა, ეს იყო 2,5 %–იანი შეღავათიანი კრედიტი. თუმცა აქ საქმე მხოლოდ 2,5 %–ს როდი შეეხება. საუბარია იმაზე, რომ ამ პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი 20–ჯერ გაიზრდება. თავად შეთანხმებაში, შავით თეთრზე წერია, რომ იგი ძალაში შედის ყველა „შიდასახემწიფოებრივი პროცედურების“ გავლის მომენტიდან. სამწუხაროდ, ნათელი ხდება: „პარლამენტს“ არანაირი პროცედურა არ ჩაუტარებია და არც მისი რატიფიცირება მოუხდენია, მაგრამ იგი მაინც მოქმედებაშია და ასეთნაირად ჩვენ ორი მილიარდი რუბლის დავალიანება აღმოგვაჩნდა“, – დაასკვნა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას განცხადებით, აუცილებელია ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმირება.