პარმენ ცახელი - „მკერავი გოგუცუნების სიმღერა“

  09:23:24     09-06-2012

1866 წლის 9 ივნისს რაჭაში, სოფელ ცახში დაიბადა პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პარმენ ცახელი.

ცახელი ფსევდონიმია, მისი მშობლიური სოფლის სახელწოდებიდან ნაწარმოები. მწერლის ნამდვილი გვარია თვალჭრელიძე. პარმენის მამა მღვდელი იყო და წერა-კითხვა შინ ასწავლა შვილს. ცხრა წლის ასაკიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ერთი წლის მერე უფროსმა ძმამ, ანტონმა სტავროპოლში წაიყვანა. სადაც ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, 1883 წელს კი ტფილისში გაემგზავრა საცხოვრებლად. იმავე წელს, საბავშვო ჟურნალ "ნობათში", გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი "მარინე". მისი ნაწარმოები, რომელიც ხალხური ლეგენდის საფუძველზე შექმნა, შეაქო იაკობ გოგებაშვილმა: "ღირსეულ ლეგენდას ღირსეული ავტორი შეხვედრია და მშვენიერი ნაწარმოები შეუმატნია ჩვენი ლიტერატურისათვისო".

შემდეგ გაემგზავრა სტავროპოლში და მიიღო მასწავლებლობის უფლება. შემდეგ მოსკოვში წავიდა, სადაც დაიწყო სწავლა პეტროვ-რაზუმუნოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, უმაღლესი აგრონომიული განათლების მიღების მიზნით. თუმცა სწავლისთვის ფინანსები არ ეყო.

დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო პედაგოგობა. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. წერდა ლექსებს, თარგმნა კრილოვის იგავ-არაკები. მონაწილეობდა ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესებში.

1919 წლის 31 აგვისტოს მოკლეს ქუთაისში.

პოეტის დაბადების დღის აღსანიშნავად, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ პარმენ ცახელის (თვალჭრელიძის) ლექსს „მკერავი გოგუცუნების სიმღერა“. ლექსი დაიწერა 1883 წელს.

მკერავი გოგუცუნების სიმღერა

დროს ვეღარ ვკარგავთ, სწორებო,
მზემ ცაში იწყო ნავარდი,
დილის ნიავმა გაფურჩქნა
ცისფერი ია და ვარდი.

ხელსაქმეს ხელი მოვკიდოთ,
ტკბილად დავმღეროთ ერთიცა;
შრომისთვის კაცი დაგვლოცავს;
და მოგვიწონებს ხალხიცა.

შრომა ახარებს კაცის გულს
და ავარჯიშებს რონესა,
უქონელსა სძენს ქონებას,
მეტს აძლევს ცოტას მქონესა.

საქმეს შეუდგეთ სწორებო,
ხელიხელგადახვეულნი,
სწავლისთვის, მარტო სწავლისთვის
ვართ აქ ყველანი მოსულნი.

ვინც რომ შრომაში, სწავლაში
ბეჯითია და კარგია,
იგი ყველასთან ყოველთვის
ამხანაგადაც კარგია.

კეთილი საქმე ყოველთვის
შავ სიღარიბის მტერია;
ვინც წმინდა საქმეს ჯანს ახმარს,
ყველა მის მადლიერია.