„ზოგრაფის“ წმიდა გიორგის ხატი

  08:55:42     09-06-2012

ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ - მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღესს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და ვისი ხატი დაეწერათ მომზადებულ დაფაზე. მათ გადაწყვიტეს ეთხოვათ ღვთისათვის, რომ განეცხადებინა მისი ყოვლადწმიდა ნება და განმარტოვდნენ სენაკებში სალოცავად. შუაღამისას ღმრთეებრივმა ნათელმა მოიცვა ტაძარი და გარემო მიდამოს მოეფინა. დილით კი ტაძარში შესულებს საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ზეციური ნათელი და განაბრწყინებდა მათ სამყოფელს, რომელსაც ამ ხატის მიხედვით, დაერქვა „ზოგრაფის“ (ფერმწერის) მონასტერი.

სწორედ ამ დროს, პალესტინაში, ფანუელის მონასტერში, წმინდა გიორგის ხატი საძმოს თვალწინ თავისით მოსცილდა დაფას და გაუჩინარდა. შეძრწუნებული ბერები ევედრებოდნენ უფალს, რათა გაემხილა თუ სად გაუჩინარდა მათი მფარველის საკვირველთმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა და თვით წმინდა გიორგი მოუვლინა იღუმენს სანუგეშოდ. „ნუ სწუხართ ჩემზე, მე ვპოვე ჩემთვის ტაძარი ღმრთის დედის წილხვედრ მხარეში, ათონზე. თუ გნებავთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს; რამეთუ ღმრთის რისხვა მზად არის თავს დაატყდეს გარყვნილ პალესტინას!“ სანამ ღმრთის სამართლიანი რისხვა ბარბაროსების სახით თავს დაატყდებოდა იმ მხარეს, ბერები გაემგზავრნენ იღუმენთან ერთად წმინდა მთაზე, სადაც ერთ-ერთ სავანეში აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი წმიდა გიორგისა და აღარ ისურვეს ხატთან განშორება. იმ დროიდან დიდმოწამის ხატი დაუსრულებელ სასწაულთა წყაროდ შეიქმნა, რომლის თაყვანისსაცემად „ზოგრაფში“ აურაცხელმა ხალხმა იწყო დენა.

განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაული. ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსმა (გადმოცემით ვოდინისა), რომელმაც იცოდა წმინდა გიორგის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები, მოინდომა შეემოწმებინა მათი ჭეშმარიტება და ამ მიზნით ათონს გაემგზავრა. მან, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლად მიახლებოდა ხატს თაყვანისსაცემად, კადნიერად იკითხა: „ეს არის განა თქვენი საკვირველთმოქმედი ხატი?“ და საჩვენებელი თითი შეახო დიდმოწამის ლოყას... ღმრთის რისხვამ არ დააყოვნა; წმიდა გიორგიმ სასტიკად დასაჯა ეპისკოპოსი, მისი თითი ხატს შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული და განცვიფრებული მღვდელმთავარი მის მოგლეჯას ხატიდან. უბედური იძულებული გახდა დაეთმინა მტანჯველი ოპერაცია; მას თითი მოაჭრეს (თითის წვერი დღემდე ხატზე იმყოფება). ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის ჭეშმარიტ საკვირველთმოქმედებაში.

ზოგრაფის წმ. გიორგის ხატის ათონის მთიდან ჩამობრძანებული ასლი დაბრძანებულია თბილისის ყოველადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში.

წყარო