რუსეთმა, ცხინვალის რეგიონი დიდ სამხედრო ბაზად გადააქცია...
17:36:09     08-06-2012
2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა, მაგრამ რუსული ოკუპაცია, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. დაახლოებით 10 ათასზე მეტი რუსი სამხედრო ისევ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე იმყოფება. ეს რეგიონები კი საერთაშორისოდ (მათ შორის, რუსეთის მიერაც) აღიარებული საქართველოს ტერიტორიის ზუსტად 20%–ს შეადგენს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევისა და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა.
ამ რეგიონების დაკარგას, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება, ცხადზე უცხადესია. ოკუპაციის ნათელი მაგალითია თუნდაც სოფელი ოძისი, სადაც გადის დროებითი გამყოფი ხაზი საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონს შორის. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქვიშით სავსე ტომრებით გამაგრებული ბუნკერი „გადაჰყურებს“ ას მეტრში მდგარ ოკუპანტის ანალოგიურ ნაგებობას.
რუსული საოკუპაციო ზონის იქიდან კარგად მოჩანს „ეს–300“ სისტემის საზენიტო დანადგარები, „ბმ–30 სმერჩის“ სისტემის ზალპური ცეცხლის საბრძოლო მანქანა და „ესეს–21“ სისტემის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. საინტერესოა ისიც, რომ აქედან ორიოდე კილომეტრის მოშორებით განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა.
ზოგჯერ აქ შესაძლებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ტრანსპორტიც შეამჩნიოთ, რომელიც მიმდებარე სოფლების პატრულირებას აწარმოებს, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთი ამ მისიის წარმომადგენლობს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის საშუალებას არ აძლევს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა.
რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის რეგიონს, იგი ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული. ცხადია, მედვედევ–სარკოზის შეთანხმების ყველაზე დიდ დარღვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცალმხრივად ცნობა.
რუსეთი, ცხადია, დღემდე ცდილობს ამ რეგიონების საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს და ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც ხარჯავს, მაგრამ მოსკოვის მცდელობები ჩავარდა. თუნდაც იმიტომ, რომ მას მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და სამმა ძალზე მცირე კუნძულოვანმა დასახლებამ, ტუვალუმ, ვანუატუმ და ნაურუმ დაუჭირა მხარი. მაგალითად, ნაურუმ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც რუსეთმა მას 50 მილიონი დოლარი გადუხადა.
რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, გაერომ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო.
ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში პუტინი გერმანიასა და საფრანგეთში აპირებს ვიზიტად ჩასვლას. საფრანგეთს ახლა ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ფრანსუა ოლანდი, რომელიც ვალდებულია კიდეც რუსეთს დადებული შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოსთხოვოს. ასე, რომ დაველოდოთ რას მოიმოქმედებს სოციალისტი ოლანდი? ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ყველაფერი საფრანგეთის თავმოყვარების საკითხსაც შეადგენს.