პავლე კუბლაშვილი: ოპონენტები თვალთმაქცურ გარიგებებს აგრძელებენ

  16:29:49     08-06-2012

„ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს  75 მილიონით დაჯარიმება ემუქრება. საქმე იმაშია, რომ კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებს, რომ კოალიციამ კომპანიების – „ბურჯის“, „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ კონსალტინგ გრუპის“ გამოყენებით ამომრჩევლებს უსასაყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენა გადასცა და 239 ერთეული – სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურება გაუწია.

უწყების განცხადებით, აღნიშნული ფაქტები პოლიტიკურ ხასიათს ატარებენ და პოლიტიკური სუბიექტის მიერ, კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას განაპირობებენ, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის დარღვევას იწვევს. შედეგად კი, კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს სამართალდარღვევის სუბიექტად თვლის, რომელსაც აღნიშნული კომპანიები ეკუთვნის და უწყება მილიარდერის წინააღმდეგ შეგროვებულ მასალებსა და ოქმებს სასამართლოში გზავნის.

აღსანიშნავია, რომ უწყების ბრალდებებს „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს. კოალიცია აცხადებს, რომ ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელ ფაქტებს ემყარება, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ივანიშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის მტკიცებით, ივანიშვილს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს.  

უნდა ითქვას, რომ ოპონენტების საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც „პრესა.ჯი–ს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს, რადგან მათი ოპონენტები მოსყიდვის მცდელობებს, უკანონო შემოწირულებებსა და თვალთმაქცურ გარიგებებს აგრძელებენ.

დეპუტატის განცხადებით, უკანონო შემოწირულებების შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული.  მისი განმარტებით, უკანონოა, პოლიტიკური სუბიექტისთვის, იურიდიული პირების მხრიდან გაკეთებული შემოწირულობა, ასევე კანონდარღვევა შეიძლება იყოს უფრო ფიზიკური პირის მიერ უფრო მეტი ოდენობის შემოწირულობები, ვიდრე კანონით არის გათალისწინებული, ასევე – თვალთმაქცური გარიგება.

„დეტალურად, შესაბამის უწყებაში განმარტავენ, რომელ მათგანთან გვაქვს საქმე. თუმცა, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენი ოპონენტები მოსყიდვის მცდელობებს, უკანონო შემოწირულებებს და თვალთმაქცურ გარიგებებს აგრძელებენ“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის სასამართლო განხილვა დღეს იყო დანიშნული, თუმცა, პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. შესაბამისად, 11 ივნისს გახდება ცნობილი, მილიარდერს 75 მილიონ ლარზე მოუწევს თუ არა უარის თქმა.