პუტინმა საქართველოსთან ურთიერთობის კურატორი დანიშნა

  13:04:21     08-06-2012

კრემლში საქართველოს „კურატორის“ თანამდებობა გაჩნდა. ამ პოსტზე ვლადიმერ პუტინმა ვინმე სერგეი ჩებოტარევი დანიშნა. მართალია, მას, ზოგადად სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და მათ შორის, ოკუპირებული რეგიონები აბარია, მაგრამ ამ ჩამონათვალში საქართველოს ხსნება, ექსპერტებისთვისაც მოულოდნელი და ალოგიკური აღმოჩნდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნულია სერგეი ჩებოტარევი, რომელიც „კურირებას გაუწევს საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს“.

საქართველოსთან ერთად მისი ოკუპირებული რეგიონების ხსენება უკვე მეორე უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა თავად ცხინვალელი ექსპერტებისთვის. ალან პარასტაევი ამბობს, რომ ჩებოტარევს იმ საკითხებზე მოუწევს მუშაობა, რომლებშიც ინტერესთა კონფლიქტს ექნება ადგილი, რამდენადაც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კულტურული და რეგიონთაშორისი კავშირების ლობირება, აპრიორში, საქართველოს მხრიდან პროტესტს და ასეთი ურთიერთობების ბლოკირების მცდელობას განაპირობებს.

ცხინვალს ჩებოტარევის მისამართით თავისი პრეტენზიებიც აქვს. ეს ადამიანი,  უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომლის დროსაც სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე წარმოიქმნა, რამდენადაც მოსკოვი საკუთარი ინტერესების გატარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირებას შეეცადა. ჩებოტარევი ამ გაჭიანურებული პროცესის დროს, 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ცხინვალში და ხელმძღვანელობდა იმ მოვლენებს, რომლებმაც საბოლოოდ კრიზისი გამოიწვია. მარიონეტული რეჟიმი არ იმჩნევდა, რომ ჩებოტარევი კრემლის დავალებებს ასრულებდა და ყველა უარყოფით შედეგს მის ემისარს აბრალდებდა, მაგრამ ახლა, როცა კრემლში ვლადიმერ პუტინი დაბრუნდა დაჩებოტარევი კი ფაქტობრივად დააწინაურეს, ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამან უკმაყოფილება წარმოქმნა. ამის შესახებ „ნოვი რეგიონი“ იუწყება.

„თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში არჩევნების ხელმძღვანელობის შემდეგ ის არათუ გაათავისუფლეს, არამედ დააწინაურეს, შეიძლება დავასკვნათ, რომ არჩევნები სამხრეთ ოსეთში იყო კიდეც დაგეგმილი ისე, როგორც ეს მოხდა“ - ამბობს ცხინვალელი ექსპერტი.

უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის ადმინისტრაციაში ზოგადად, სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ე.წ. კურატორები საკმაოდ მომრავლდნენ. მოსკოვი, რაც შეიძლება მეტ მაკონტროლებელს ნიშნავს თავის დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე. მედვედევმა პოსტის დატოვებამდე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. სპეცწარმომადგენლები დანიშნა, ჩებოტარევის დანიშვნამდე კი ვლადიმერ პუტინმა კონკრეტულად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ზრუნვა თავის მრჩეველს ტატიანა გოლიკოვას მიანდო.

გოლიკოვას ფუნქციები კი უკვე თვით ზოგიერთი რუსი ექსპერტისთვისაც  გაურკევევლია. პოლიტოლოგი ვალერი ხამიაკოვი ცდილობს ახსნა მოუძებნოს - რატომ უნდა განავითაროს რუსეთმა „სხვა სახელმწიფოები“, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ თავად აღიარა?

„ეს ნონსენსია: როგორც შეიძლება კურირებას უწევდე სხვა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას? ასეთივე წარმატებით გოლიკოვას შეუძლია აშშ-ის განვითარებას გაუწიოს კურირება“ - ამბობს ის.

უფრო ორიგინალური ახსნა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს ალექსი ვლასოვს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყველაფერი უნდა გაუკეთოს ცხინვალსა და სოხუმს, რომ მათ თვალი საქართველოსკენ არ გაექცეთ:

„მერე რა, რომ ყველაფერი აშშ-ის ფულით კეთდებოდა (საქართველოში), სააკაშვილს მაინც აქვს საჩვენებელი: სახელმწიფო სამსახურის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. შემთხვევითი არაა, რომ ზოგიერთი ჩვენი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის ლოზუნგით: „გვინდა ისე, როგორც საქართველოშია!“. მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ თბილისთან ეს იმიჯის ომი წააგოს“ - შიშობს ვლასოვი.

რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობების კურირებას, ჯერჯერობით, ვერცერთი ექსპერტი ვერ ვარაუდობს, რას გულისხმობს ეს ინიციატივა.