კოკოითს, ფულის მისათვისებლად, ახალი ფონდის დაფუძნება მოუნდა

  11:41:57     08-06-2012

ცხინვალელი მარიონეტების ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი კარგა ხანს მიყუჩებული იყო და არენაზეც არ ჩანდა, მაგრამ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების წლისთავზე სოხუმს ეწვია, იქაურ მთავარ მარიონეტს, პრეზიდენტად წოდებულ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდა და უახლოესი გეგმებიც გაანდო. მისივე განცხადებით, იგი „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის საზოგადოებრივი და კულტურული კავშირების განვითარებაზე იზრუნებს და ამ მიზნით საკუთარი ფონდის დაარსებასაც გეგმავს. კოკოითი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის სამმხრივი კავშირების გამყარება.

თუმცა, როდის და სად დაიწყებს ფუნქციონირებას და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს კოკოითის ფონდი, ამის თაობაზე ჯაბევიჩს არაფერი უთქვამს. საკუთარი ჯიბიდან მას კაპიკს რომ ვერ გააგდებინებს კაცი, ცნობილია და თუ რუსები რამეს გადმოუგდებენ, მაშინ ფონდის დაფუძნება მართლაც შეეძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად გაიღებს ამ საქმისთვის ძღვენს მოსკოვი. მათ ხომ კარგად უწყიან კოკოითის ხასიათი, რომ იგი გამოყოფილი თანხის უმეტეს ნსწილს საკურთარ ჯიბეში დააბინავებს.

კოკოითის ყოფილი“სახელმწიფო მრჩევლის“, კოსტა ძუგაევის თქმით, ეს ინიციატივა სპონტანურად ნამდვილად არ წარმოშობილა. კოკოითი ჯერ კიდევ „პრეზიდეტად“ ყოფნისას გამოთქვამდა ამის სურვილს, რომ მოქმედ „პოლიტიკოსად“ დარჩენილიყო და ასეთნაირად ემართა ცხინვალში არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური სიტუაცია. ძუგაევის მოსაზრებით, ფონდის დაფუძნება შეიძლება გახდეს 1993 წელს მიღებული ჩრდილოეთ ოსეთთან სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. თურმე, ძუგაევის განმარტებით, ამის საფუძველს „1992 წელს ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანების შესახებ  რეფერენდუმის შედეგები იძლევა.

როგორც კოსტა ძუგაევი მიიჩნევს, კოკოითს, მისი კავშირებიდან გამომდინარე, შესწევს უნარი  ბიზნესმენები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწენი სათანამშროლოდ გარს შემოიკრიბოს. მას მხარს დაუჭერს ასევე აფხაზეთის, რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობაც. ყოფილ „პრეზიდენტ“ კოკოითსა და ამჟამინდელ ლეონიდ თიბილოვს შორის ურთიერთობებში წინააღმდეგობები არ ასებობს“, – დარწმუნებულია, კოსტა ძუგაევი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოკოითის ინიციატივას მოწინააღმდეგენი თავად ოსებშიც უკვე გამოუჩნდნენ. კერძოდ, „1992–93 წლების აფხაზეთის ომის მოხალისე ვეტერანთა კავშირის“ წევრი, ოპოზიციონერი, ვლადისლავ კოზაევი კოკოითის გეგმებს სკეპტიკურად უყურებს:

„კოკოითმა ხალხს ის ფული უნდა დაუბრუნოს, რომელიც მას მოჰპარა. ეს მას არ უნდა ეპატიოს. ახლა ფონდის შექმნა  ტრამპლინი იქნება მისი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად. ეს ყველაფერი უბრალოდ პიარია, რათა კოკოითი არ დაავიწყდეთ და მეტი არაფერი“, – ეჭვიც არ ეპარება კოზაევს.

ეს ყველაფერი კი იმ ხალხისთვის, რომელიც კოკოითის ცხინვალში საქმიანობას კრიტიკულად უყურებს, საკმარისზე  მეტია, რომ ჯაბევიჩს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფონდი არ ჩამოაყალიბებინონ. სავარაუდოდ, თუ კოკოითი ამას ვლადიკავკაზში გააკეთებს, ეს მისთვის უფრო უსაფრთხოც იქნება, რადგანაც იქ კავშირებიც მეტი გააჩნია.