რუსი გენერალი ფინეთს დაემუქრა

  08:18:47     08-06-2012

რუსეთის გენშტაბის უფროსის, ნიკოლაი მაკაროვის მიერ, 5 მაისს ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებული ფინეთის თავდაცვის აკადემიის ასოციაციის კურსებზე  გაკეთებულმა მოხსენებამ სკანდალი გამოიწვია.

„ფინეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობა რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ფინეთი ნატოს წევრობას არ უნდა ესწრაფვოდეს. პირიქით, მას ურჩევნია რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააძლიეროს“, განაცხადა მაკაროვმა.

მან ფინეთი ქართველი „რევანშისტებისთვის“, რომლებიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნებას ცდილობენ, მხარდაჭერის მცდელობაში დაადანაშულა. ამას გარდა, აქვე მაკაროვმა უჩვენა ის რუკა, რომელშიც ფინეთი და ბალტიის ქვეყნები ეგრეთწოდებულ „რუსეთის უსაფრთხოების ზონაში“ შედიან.

მან ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ფინეთის უფლება საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე. „ვის წინააღმდეგ არიან ისინი შეიარაღებულნი“? – იკითხა მან. მაკაროვმა ასევე გააკრიტიკა ფინეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

ფინელმა პოლიტიკოსებმა მაკაროვის გამოსვლაზე მაშინვე მოახდინეს რეაგირება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერკი ტუომიოიამ, ეჭვი გამოთქვა, რომ მაკაროვი რუსეთის თვალსაზრისს გამოხატავს.

„თითოეული სუვერენული ქვეყანა ატარებს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს. ეს ნორმალური მზადებაა საბრძოლო მომზადებისათვის, – შეუსწორა ტუომიოიამ მაკაროვს. საბოლოოდ ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკაროვის გამოსვლა დაახასიათა როგორც „ცივი ომის პერიოდის გადმონაშთი“.

„გენერალი მაკაროვი ერთადერთი გენერალი არ არის, რომელიც ჯერ ისევ ცივი ომის მდგომარებით ცხოვრობს და რუსეთიც არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთ ტიპებს შეიძლება შეხვდე, – აღნიშნა მან  და მიუთითა, რომ მაკაროვის მოხსენებას რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთნ შეხვედრისას განიხილავს.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, სტეფანუ ვალინუს გაცხადებით, ფინეთი თავად აძლევს შეფასებებს და იღებს გადაწყვეტილებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებში საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

თავდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, იუსი ნიინისტე აღიარებს, რომ ფინეთი მომავალშიც გააძლიერებს ნატოსთან კავშირებს.

 „თუ სამხედრო ბიუჯეტის შემცირება გაგრძელდება, ფინეთს შეუძლია ნატოში შვიდეს სრულფასოვანი წევრის სახით“, – აღნიშნა მან.

ნიინისტე ასევე მიიჩნევს, რომ მაკაროვის გამოსვლა გამოწვეულია იმ უფრო ხისტი პოლიტიკური კურსით, რაც პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებას უკავშირდება. „ასეთნაირად რუსეთს სურს აჩვენოს, რომ იგი რეგიონალურ ზესახელმწიფოს წარმოადგენს“.

ამასთან, მრავალი პოლიტიკური ანალიტიკოსის მოსაზრებით, მაკაროვის სკანდალური განცხადება კრემლში წინასწარ იყო მოწონებული: რუსი გენერლები საზღვარგარეთ გაკეთებულ თავიანთ განცხადებებში საკუთარ მოსაზრებებს არ გამოხატავენ.

გამომდინარე აქედან, დღეისათვის,  ფინელთა საერთო შეხედულებას წარმოადგენს შემდეგი მოსაზრება – ასეთი მეზობლის გვერდით ჩვენ აუცილებლად ნატოში შესვლა გვჭირდება.