რუსეთი და ჩინეთი სირიის საკითხზე მთელ მსოფლიოს უპირისპირდებიან

  08:00:31     08-06-2012

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს საკმაოდ ხშირად ურჩევენ დასავლეთთან აქტურად ითანამშრომლოს, იგი რატომღაც მაინც აღმოსავლეთისკენ იცქირება.თუ ევროპასთან და აშშ–სთან მისი ურთიერთობები ძალზე დაძაბულია სირიის, ირანისა და რაკეტსაწინააღმდეგო ფარის გამო, მოსკოვსა და პეკინს შორის „იდილიური ურთიერთობები“ დამყარდა. იმიტომ რომ პეკინისა და მოსკოვის საერთაშორისო არენაზე არსებული „ცხელი წერტილებისადმი“ დამოკიდებულება სწორედ რომ „მსგავსია“. განსაკუთრებით ეს ეხება ირანთან და სირიასთან დამოკიდებულებას.

ცნობილი ფაქტია, სირიაში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას სწორედ რომ რუსეთი და პეკინი ბლოკავენ. ამასობაში ამით გალაღებული სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საკუთარ ხალხს მუსრს ავლებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა, ლიუ ვეიმინმა დაადასტურა რომ, მოსკოვი და პეკინი  წინაღუდგნენ და აღუდგებიან  „სირიაში ნიბისმიერი ფორმით უცხოურ ინტერვენციას  და ძალისმიერ ჩარევას რეჟიმის შეცვლის მიზნით“. პრესმდივანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა სირიის კრიზისთან დაკავშირებით, მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან და მოითხოვენ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.

„ჩვენ მივიჩნევთ, სირიის საკითხი სირიაში სხვადასხვა მხარეებს შორის კონსულტაციის გზით უნდა გადაწყდეს. ეს სირიელი ხალხის ინტერესებშია და ამ საკითხში ჩინეთმა და რუსეთმა  პოზიტიური როლი ითამაშეს“, – დასძინა მან.

პეკინი მოითხოვს „ერის სუვერენიტეტის დაცვას, ხოლო სირიელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს“. ასეთი განცხადება გააკეთა 5 ივნისს გაეროში ჩინეთის ელჩმა, ლი ბაოდუნმაც. პოზიცია, რომელიც ამ ორ ქვეყანას ლიბიაში ნატოს ოპერაციის პერიოდიდან უკავია, არ შეცვლილა.

ადამიანის უფლებების დაცვა ორივე ქვეყნისთვის მეოერეხარისხოვანი საკითხია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვსა და პეკინს სწამთ,ან სურთ, სწამდეთ ასადის ვერსიის: სირიაში არ მიმდინარეობს რეპრესიები, ხოლო მთავრობა „ტერორისტებისგან იცავს თავს“.

დასავლეთის, ან არაბული ქვეყნების ლიგის ინტერვენცია სირიის ტერიტორიაზე განიხილებოდა თითქოს რუსეთის მარცხად, რომელმაც სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაში და შეიარაღებაში ამდენი ჩადო. მაგრამ ეს ჩინეთისთვისაც მძიმე დარტყმაც იქნებოდა, რომელიც „ჩაურევლობის“ პრინციპს საგარეო პოლიტიკის დოგმად მიიჩნევს.

ასეთ მოსაზრებაზე დგანან პუტინი და ჰუ ძინტაო და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იმის გათავალისწინებას არც ცდილობენ თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო სირიელი ხალხი მათმა წაყრუებამ და ბაშარ ასადის რეჟიმისადმი მხარდაჭერამ.