ბაქოსა და ერევანს შორის აგრესიული რიტორიკა გაძლიერდა
21:28:42     07-06-2012
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მატულობს. აგრესიული რიტორიკის გაძლიერება რამდენიმე დღის წინ ორი ქვეყნის საზღვარზე მომხდარმა ინცინდენტმა განაპირობა, რომლის დროსაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა. მას შემდეგ შეტაკება საზღვარზე კიდევ მოხდა, როცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით სომეხი დივერსანტების ჯგუფი შეეცადა შეჭრილიყო აზერბაიჯანის ნაციონალური არმიის პოზიციებზე სოფელ აშაგის მიდამოებში, რასაც 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომ ქვეყნის სეიარარებულ ზალებს შეუძლიათ უმოკლეს ვადებში გაათავისუფლონ „სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწები“.
„საკმარისია მხოლოდ 10 დღე, რათა აზერბაიჯანის ძალები, გაათავისუფლებენ რა ოკუპირებულ მიწებს, გავიდნენ სომხეთისა და ირანის სახელმწიფო საზღვართან. არის მხოლოდ ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენ გვაკავებს - ეს სისხლისღვრა და მსხვერპლია“ - ციტირებს ტელეკომპანია ANS აზერბაიჯანის გენშტაბის განცხადებას და უჩვენებს სიუჟეტს, რომელშიც ქვეყნის სამხედრო პოტენციალზეა საუბარი. კერძოდ იმაზე, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობას აქვს უნარი შეიარაღებული ძალები შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის „ფართო ასორტიმენტით“ მოამარაგოს.
თავის მხრივ აგრესიული ტონი აქვს ერევანსაც. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ვითარების გამწვავება, თუმცა „უპასუხოდ არ დავტოვებთ ჩვენი მოქლაქეების, სახელმწიფო საზღვრებისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ქმედებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა მკაცრი ბრძანება მიიღეს, თავშეკავება და გონიერება გამოიჩინონ, თუმცა იმავდროულად, - დასაჯონ მოწინააღმდეგის ნებისმიერი პროვოკაცია“ - განაცხადა სარქისიანმა.
რუსი სამხედრო ექსპერტი იგორ კოროტჩენკოც დარწმუნებულია, რომ სომხეთი, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, აზერბაიჯანის დამარცხებას შეძლებს.
„მთლიანობაში, ჩვენ ვთვლით, რომ თუკი აზერბაიჯანი დაიწყებს საომარ მოქმედებებს, სომხეთი მის დამარცხებას შეძლებს, - აზერბაიჯანის არმიის ბევრად მეტი პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მიუხედავად“.
ექსპერტი იმასაც დასძენს, რომ თუკი ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, სომხეთს რუსეთის უპირობობო დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.
რუსი ექსპერტი სომხეთის ტერიტორიაზე „ვორონეჟის“ ტიპის რუსული რადიოლოკაციური სადგურის მშენებლობასაც ლობირებს და ამბობს, რომ მოსკოვი დიდი ინტერესით განიხილავდა წინადადებას, თუკი რუსეთს მიწას 50 წლით უფასო არენდით დაუთმობენ.
„რაც შეეხება სომხეთისათვის სარგებელს, ვფიქრობ, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება მის ტერიტორიაზე თავისთავად ხელს შეუწყობდა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და მის რწმენას იმაში, რომ სომხეთის გეოპოლიტიკური სტატუსი და სიტუაცია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შედეგად წარმოიქმნა, ომის გზით არ შეიცვლება“ - განაცხადა კოროტჩენკომ.