მოსკოვს დეჟა ვუ აქვს: კლინტონის საქართველოში ვიზიტი მისთვის 2008 წლის ასოციაციებს აღძრავს

  12:57:54     07-06-2012

რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოში ჰილარი ვიზიტის ვიზიტთან და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აჟიოტაჟია.

სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებულმა მხარდაჭერამ და თბილისის ტრიბუნიდან მოსკოვის მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ - ოკუპაციაზე, ჯარების გაყვანაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბარმა რუსეთში ჩვეული აგრესია გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და მიმდინარე მოვლენებს „დეჟა ვუ“ უწოდა. ოფიციალური განცხადებაში, რომელიც ლავროვის უწყებამ გავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ-მა არ გაითვალისწინა 2008 წლის გაკვეთილები.

„2008 წლის აგვისტოში, კავკასიაში განვითარებული მოვლენები აშშ-სთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა  - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის კომენტარში.

მოსკოვი არ მალავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მისთვის მიუღებელია და ამ კურსის შესაცვლელად ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის 2008 წლის მოვლენების კვლავ გამეორებისგანაც არ დაიხევს უკან.

„სწორედ აშშ-სა და სხვა ქვეყნების აქტიურმა წახალისებამ, ცნობილმა ავანსებმა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთიდან შეიარაღების მასირებულმა შეტანამ ჩამოუყალიბეს მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის კომპლექსი, რომელმაც მას სამხრეთ ოსეთში დანაშაულებრივი ავანტიურისკენ უბიძგა… შედეგად მოკლულ იქნა ასობით მშვიდობიანი მცხოვრები, დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. ჩვენ მაშინ მოგვიხდა, აგრესორი გონზე მოგვეყვანა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ლუკაშევიჩის თქმით, „დღეს დეჟა ვუს აქვს ადგილი. მაღალჩინოსანი ამერიკელი წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ისევ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მისი პროპაგანდის ყალბ თეზისებს „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის“ შესახებ. ამით კი ხელს უწყობენ თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს. ვაშინგტონი სრულად ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას“ - აღნიშნავს ლუკაშევიჩი.

მოსკოვთან ერთად გულისწყრომას გამოხატავენ მარიონეტული რეჟიმები. მათთვის განსაკუთრებულ თავსატეხად ჰილარი კლინტონის მიერ ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებული განცხადება გახდა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ასეთი პასპორტების მქონე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის აშშ-ში ჩასვლისთვის გზა ხსნილი იქნება.

მართალია, მარიონეტული რეჟიმები ამტკიცებენ, რომ თბილისის მიერ ინიცირებული ნეიტრალური პასპორტების მათ ტერიტორიებზე არაპოპულარულია, მაგრამ როგორც ჩანს, მთლად ასეც არ არის. ამიტომაც ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მწვავე რეაგირება სწორედ ნეიტრალური პასპორტების თემაზე მოახდინა.

„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 5 ივნისს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხინვალში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისა და პოლიტიკოსის მხარდაჭერამ თბილისის არარეალური წინადადებების მიმართ… ამ დოკუმენტების ფართოდ დეკლარირებული ნეიტრალობა რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც გრაფაში „ქვეყნის კოდი“ საქართველოა მითითებული“ - ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.

ამასთან, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, მართალია, ცხინვალიცა და სოხუმიც ირწმუნებიან, რომ ნეიტრალური პასპორტების არ ეშინიათ, მაგრამ არც იმას მალავენ, რომ, პრინციპში, სიტუაციას ვერ აკონტროლებენ:

„ყველას გულში ვერ ჩაიხედავ, ხოლო თუ ვინმე ფიქრობს კიდეც ამ დოკუმენტის აღებას, გასაგები მიზეზების გამო ამის აფიშირებას არ მოახდენს“ - ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.