ცხინვალში შეისწავლიან, როგორ დაიტაცა წინამორბედმა რეჟიმმა რუსული ფული

  09:12:59     07-06-2012

ცხინვალში წინა „მთავრობის“ ცოდვების გამოვლინებას იწყებენ. მას შემდეგ, რაც ახლადშექმნილი შესაბამისი ორგანო რუსული ფინანსური დახმარების მძარცველებს გამოავლენს, ამ პირებით პროკურატურა დაკავდება.

სპეცანგარიშებიდან იმ ფულის მიტაცებაში, რომელიც „რესპუბლიკის“ აღდგენას უნდა მოხმარებოდა, უკვე იციან, რომ საკმაოდ ცნობილი პიროვნებები მონაწილეობდნენ. სად წაიღო და რაში დახარჯა წინამორბედი ედუარდ კოკოითის რეჟიმმა რუსული ფინანსური დახმარება?

მარიონეტული რეჟიმის ახალი ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მითითებით უკვე შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც რუსეთის ფინანსურ დახმარებას გაანაწილებს, თუმცა საბჭომ, მანამდე, უნდა გაარკვიოს, სად წავიდა დანარჩენი ფული.

საბჭოს თიბილოვის მრჩეველი როდიონ სიუკაევი ხელმძღვანელობს. ის დღეიდან აპირებს ყველა საფინანსო დაწესებულებაში დააგზავნოს წერილები და მოითხოვოს ინფორმაცია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ფულს ე.წ. სპეცანგარიშებიდან იღებდნენ.

სიუკაევს უკვე აქვს მისი წინამორბედის ჯემალ ჯიგკაევის გამოძიების შედეგები. ჯიგკაევს ეს პოსტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, თუმცა გაარკვია, რომ სპეცანგარიშიდან 400 მილიონი რუბლი, უბრალოდ, გამქრალია.

სიუკაევი იმუქრება, რომ პროკურატურა ყველა შემთხვევაზე აღძრავს საქმეს. საკუთარი ფულის ხარჯვის თაობაზე ინფორმაცია მოსკოვსაც ძალიან აინტერესებს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ ცხინვალის პროკურატურას შესაბამისი მასალებიც მოსთხოვა. თუმცა მარიონეტების მიერ გაფლანგული ფულის ისტორიების გახმაურება, რუსეთს, რატომღაც არ უყვარს ხოლმე.

სამაგიეროდ, უკვე აღმოჩენილ უკანონობებს სიუკაევი ახმაურებს. სად დაიხარჯა რუსეთის მიერ რესპუბლიკის აღდგენისთვის გადმორიცხული ფული? სააქციო საზოგადოება „ხოსერს“ (პეტერბურგი) - 11 მილიონ 737 ათასი რუბლი ტუბდისპანსერის საპროექტო გეგმისთვის გადაერიცხა. ფულის გადარიცხვა სპეცანგარიშიდან არ უნდა მომხდარიყო.

სააქციო საზოგადოება „ზვეზდას“ უპროცენტო 15-მილიონიანი კრედიტი ხვდა წილად.

სპეცანგარიშიდან ფული ორ ფიზიკურ პირსაც დაერიცხა - ერთს 600 ათასი რუბლი უპროცენტო კრედიტი და მეორეს 9 მილიონ 400 ათასი. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ამხელენ. რუსული ფულით კარგად ისარგებლეს ცხინვალელმა ე.წ. დეპუტატებმაც. ერთს 5 მილიონი რუბლი მისცეს, მეორეს კი 4,5 მილიონი.

სპეცანგარიშიდან 3 მილიონი რუბლი რეგიონის მთავარ თეატრსაც გადაერიცხა, თუმცა თეატრი ამ თანხის მიღების შემდეგაც კარგა ხნის მანძილზე ისეთივე დანგრეული იყო, როგორც თანხის მიღებამდე.

ამჟამად სპეცანგარიშზე თავიდან არსებული 1 მილიარდ 200 მილიონიდან 190 მილიონიღაა დარჩენილი. თუმცა სიუკაევი არ გამორიცხავს, რომ თუკი სპეცანგარიშის მძარცველებს გამოავლენენ, მიტაცებული ფული, სრულად თუ არა, ნაწილეობრივ დაბრუნდეს, რომ ქალაქში ასფალტი ცენტრალურ ქუჩებზე მაინც დააგონ. გადმორიცხული რუსული მილიონების მიუხედავად, ცხინვალში ასფალტის გზას დღესდღეობით ვერსად ნახავთ და ამიტომ, ქუჩები ქვებისა და ოდესღაც არსებული ასფალტის გროვებითაა სავსე.