გარდაიცვალა დიდი ფანტასტი მწერალი რეი ბრედბერი

  08:57:04     07-06-2012

5 ივნისს კალიფორნიაში, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მწერალი რეი ბრედბერი. ის მეოცე საუკუნის უდიდეს მწერალ-ფანტასტად ითვლება. თუმცა ის მხოლოდ ფანტასტი მწერალი არ ყოფილა. მოღვაწეობდა საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში, წერდა ლექსებს, საბავშვო მოთხრობებს, კინოსცენარებს.

რეი ბრედბერის შესანიშნავი, როგორც ამბობენ, ავტობიოგრაფიული ნაწარმოების, ”ბაბუაწვერას ღვინო“, ქართულად მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე წერდა: „რეი ბრედბერი უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ფანტასტიკის ბრწყინვალე ნიმუშებითაა ცნობილი, თუმცა ვინც კარგად იცნობს ბრედბერის შემოქმედებას, დამეთანხმება იმაში, რომ ფანტასტიკის ჟანრული ელემენტები მისთვის მხოლოდ სათქმელის უკეთ გამოხატვის საშუალებაა, - ერთ-ერთი საშუალება. ასეთსავე ფანტასტებად შეიძლება ჩათვალოთ ჰესე, ორუელი და მრავალი სხვა...

ამის საუკეთესო მტკიცებულება სწორედ "ბაბუაწვერას ღვინო" გახლავთ: ის არც კოსმიურ მოგზაურობებზე გვიამბობს, როგორც ბრედბერის მრავალი არაჩვეულებრივი მოთხრობა და, რა თქმა უნდა, მისი დაუვიწყარი "მარსის ქრონიკა" (თუნცა ეს ნაწარმოებიც, ჩემის აზით, უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ფანტასტიკური), არც ანტიუტოპიას წარმოადენს, როგორც საშინელი "ფარენჰაიტ 45". ეს წიგნი 12 წლის ილინოისელი ბიჭის, დაგლას სპოლდინგის ერთი ზაფხულია, თავიდან ბოლომდე, დღითიდღე მოთხობილი. თანაც, არა ერთ-ერთი რომელიმე, არამედ სწორედ ის ზაფხული, როდესაც მას თითქოს თვალი ეხილება და ის სამყაროს ახლებურად აღქმას სწავლობს“...

რეი დუგლას ბრედბერი (Ray Douglas Bradbury) დაიბადა 1920 წლის 22 აგვისტოს  ილინოისის შტატის ქალაქ უოკიგანში.

1934 წელს, „დიდ დეპრესიის“ პერიოდში ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მომავალმა მწერალმა იქ დაამთავრა სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდიდან იყო გატაცებული ლიტერატურით. 9 წლის ასაკიდან ბიბლიოთეკების ერთგული მკითხველი გახდა. 12 წლიდან წერდა მოთხრობებს. სკოლის დამთავრების მერე, 1938 წლიდან, ოთხი წლის მანძილზე ქუჩაში გაზეთებს ჰყიდდა. კოლეჯში სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. რასაც შემდგომში განიცდიდა. ამაზე საუბრობდა მწერალი თავის სტატიაში „როგორ დავამთავრე კოლეჯის მაგივრად ბიბლიოთეკა ანუ იმ მოზარდის ფიქრები, რომელიც 1934 წელს მთვარეს ესტუმრა.“ 

მწერლის პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1941 წელს. 1947 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი. 1950 წელს გამოქვეყნდა „მარსის ქრონიკა", რომელმაც პოპულარული გახადა. ესაა საერთო სიუჟეტით შეკრული ნოველების კრებული. ამას მოჰყვა „451 გრადუსი ფარენგეიტით“. ამ ნაწარმოებმა სახელი გაუთქვა მთელ მსოფლიოში. 1967 წელს მოხდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია რეჟისორ ფრანსუა ტრიუფოს მიერ. საერთოდ მწერლის არა ერთი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული მხატვრული ფილმები.

მწერლის ნაწარმოებები 800-მდე ანთოლოგიაშია შეტანილი. 1985-1992 წლებში იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო გადაცემისა „რეი ბრედბერის თეატრი“, რომლის დროსაც გადაიღეს 65 მინი-ფილმი, მწერლის ნაწარმოებების მიხედვით.

რეი ბრედბერი იყო ლაურეატი ო.ჰენრის, ბენჟამინ ფრანკლინის, ამერიკის აკადემიის, ენ რადკლიფის და სხვა პრემიებისა. 1988 წელს მიანიჭეს „დიდი ოსტატის“ ტიტული. 1989 წელს ბრემ სტოკერის პრემია „შემოქმედებითი მიღწევების გამო“. 2000 წელს დააჯილდოვეს ეროვნული წიგნის პრემიით, ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. არჩეული იყო, კალიფორნიის შტატში, უილტერის კოლეჯის საპატიო დოქტორად...

1947 წელს დაქორწინდა მარგარეტ მარკკლიურზე. შეეძინათ ოთხი ქალიშვილი. მეუღლე გარდაეცვალა 2003 წელს.