რუსეთის დუმამ მიტინგების საწინააღმდეგო კანონი მიიღო

  08:25:50     07-06-2012

რუსეთის დუმამ 241 ხმით 147-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც მიტინგების შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯარიმებს აწესებს.

პროექტის კენჭისყრამდე, რომელიც ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებას აშკარად ურთულებს, ოპოზიციურმა ფრაქციამ „სპრავედლივაია როსიამ“ სხდომათა დარბაზი დატოვა.

განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები მოგროვდნენ. ღამის 23:30 საათზე დუმის შენობასთან ასობით ადამიანი იდგა, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

სხდომის დასრულების, ანუ კანონის მიღების შემდეგ მათთან დეპუტატი ილია პონომარიოვი გავიდა და სათავეში ჩაუდგა საპროტესტო მსვლელობას.

კანონპროექტის ავტორტებმა ახალი კანონით ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მართლაც სამაგალითო სწარფვა დააფიქისრეს. კანონში ზედმიწევნითაა გაწერილი რა მოელის მიტინგების შესახებ კანონმდებლობის დამრღვევს, რომელიც არამომიტინგეების, მძღოლების თუ ფეხით მოსიარულეების უფლებებს შელახავენ, მაგალითად, ხმაურით, ხალხმრავლობით, ანტისანიტარიით, გზის გადაკეტვით და ა. შ. ყოველივე  ეს 15-დღიანი პატიმრობით ან მინიმუმ 150 ათასი, მაქსიმუმ კი 300 ათასი რუბლის ჯარიმით დამთავრდება. თუმცა არის უფრო მაღალი „სტავკებიც“. მაგალითად, ისეთი აქციებისთვის, როგორიც იყო „მილიონების მარში“ ან „სახალხო სეირნობა“, ჯარიმა 1 მილიონი იქნება გადასახდელი.

რეგიონების მიმართ დუმამ გამონაკლისი დაუშვა. თუ მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში აქციის გასამართად ხელისუფლების ნებართვაა საჭირო, რეგიონებში ამიერიდან სპეციალური სამიტინგო ადგილები გამოიყოფა, ისეთები, სადაც საშუალოდ, 100 ადამიანზე დაეტევა.

აქციების გამართვა ეკრძალებათ ადამიანებს, რომელთაც უკვე ჩადენილი აქვთ „საზოგადოებრიობის წინააღმდეგ დანაშაული“ და არასაპატიმრო სასჯელი ჯერაც არ აქვთ ბოლომდე მოხდილი.

აქციის ორგანიზატორებს ჯარიმებს მიტინგის დროს ქონების, მაგალითად, გაზონების, ნაგვის ურნების დაზიანების გამოც გადაახდევინებენ. ახალი კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება იმ პირთა მიმართ, რომლებიც აქციებზე ნიღბებით მივლენ, რაც მათს „იდენტიფიკაციას“ შეუშლის ხელს - წერია დოკუმენტში.

ძნელი სათქმელია, იმოქმედებს თუ არა ეს კანონი რუსეთის ოპოზიციის მიერ უკვე დაგეგმილ აქციებზე. ხელისუფლების გათვლა სწორედ ეს იყო. ახალი კანონი ძალაში ოფიციალურ გამოქვეყნებამდე შედის, ეს ვადა კი აშკარად 12 ივნისამდე დადგება, როცა ოპოზიციას მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციები აქვს დაგეგმილი. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს და მის რეჟიმს მსგავსი კანონები ვეღარ უშველის.