
ივანიშვილის “ოცნების ბარათებით” შს სამინისტრო დაინტერესდა
18:02:33     06-06-2012
ივანიშვილს ოცნების ბარათები შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, რადგან შს სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე.
ივანიშვილის ‘’ოცნება’’ კონტროლის პალატამ ჯარიმებით ვერ შეაჩერა, მეტიც, ‘’ოცნების’’ მესვეურების მიერ კანონდარღვევებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო, ამიტომ კონტროლის პალატა იძულებული გახდა მიემართა პროკურატურისთვის დაინტერესდეს მდიდარი პარტიის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტით.
საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებით: „2012 წლის 5 ივნისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ხდებოდა მოქალაქეებისათვის ბუკლეტების დარიგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას და პირდებოდნენ მათ მატერიალიზებას.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164(1)- ე მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში.’’
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მისი შესწავლა და რეაგირება.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვის, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტზე, იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით: ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა.