რუსეთის სამხედრო უწყებაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს
17:44:48     06-06-2012
რუსეთის შიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან თავისი პირველი თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, მათი მოადგილეები, ჯარების სახეობათა და სამხედრო ოლქების სარდლები, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამოცანათა ფართო სპექტრს მიუძღვნა. მათ შორის, ქვეყნის თავდაცვის 2016 წლამდე მომზადების გეგმასაც.
თათბირზე, უმაღლესმა მთავარსარდალმა გვერდი ვერ აუარა სამხედრო რეფორმის იმ უმწვავეს ნაკლოვნებებსა და პრობლემებსაც. რომლებიც სასწრაფო კორექტირებასა და გამოსწორებას მოითხოვს. მათ შორის, ორი ყველაზე აქტუალურია.
ესაა ხელფასების გაცემა პირველი იანვრიდან დადგენილი გეგმის მიხედვით და შტატიდან გაყვანილი, მაგრამ ჯერ კიდევ თადარიგში არგასულ სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ისინი დღეისათვის სამხედრო უწყების ბალანსზე იმყოფებიან, იქ ახალი ტარიფით მაღალ ხელფასებს იღებენ, მაგრამ მოვალეობის შესრულება არ შეუძლიათ, რადგანაც მათი თანამდებობები ან უბრალოდ ლიკვიდირებულია, ან იქ სხვები მუშაობენ. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი სიტუცია უკვე წლებია რაც გრძელდება. უსახლკაროდ დღეისათვის დარჩენილია 40 ათასამდე ოფიცერი, მათგან 9 ათასამდე მხოლოდ მოსკოვშია.
ყოველივე ეს პრობლემა გამოწვეულია თავდაცვის სამინისტროში სამუშაოზე პასუხისგებელი სტრუქტურების ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოების ანალოგიურ სტრუქტურებთან შეუთანხმებლობით.
აშენებულ და საცხოვრებლად გამზადებულ სახლებში ხალხს არ შეუძლია შესახლება, რადგანაც მათ კვარტლებში სოციალური ინფრასტრუქტურა (საბავშვო ბაღები, სკოლები, მაღაზიები, პოლიკლინიკები), რომელიც ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა ააშენონ, მზად არ არის. ან, უბრალოდ, გამზადებული ბინების დოკუმენტები არ არის მზად სამხედრო უწყების ბალანსზე გადასაცემად. რაც ყველაზე მთავარია, საცხოვრებლის მსურველთა აღრიცხვიანობაც ძალზე არეულ–დარეულია და კაციშვილმა არ იცის, რამდენი სამხედრო მოსამსახურე საჭიროებს ბინას.
გუნდმა, რომელსაც სერდიუკოვმა და მისმა მოადგილეებმა დაავალა ამ საკითხების მოგვარება, ხალხთან მუშაობის უუნარობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება. აქედან გამომდინარე, სამხედროები კუთვნილ ანაზღაურებასაც ვერ იღებენ და, ბუნრბრივია ზედა ინსტანციებში ხშირია საჩივრებიც. საქმე იქამდეც კი მივიდა, ბალტიის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა და ამჟამად სამხედრო–საზღვაო ფლოტის სარდალმა, ვიცე–ადმირალმა, ვიქტორ ჩირკოვმა ხელფასების დაგვიანების გამო ქვეშევდრომებს გასაჩივრება აუკრძალა. მისი ამ უკანონო ბრძანების გასაუქმებლად პროკურატურის ჩარევა გახდა საჭირო.
საბრძოლო მომზადებას კი ისე არაფერი უშლის ხელს, როგორც მეთაურთა სურვილის არქონა, ხელქვეითებს გადაუწყვიტონ სოციალური პრობლემები. ერთი, სიტყვით, როგორც ამბობენ, რუსეთის არმიაში ისეთი განუკითხაობაა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სერდიუკოვი სამხედროებს შორის ყველაზე არაპოპულარული თავდაცვის მინისტრია, მაგრამ მან ამ პოსტზე არა მხოლოდ წინა კაბინეტში დაჰყო ხუთი წელი, არამედ ახლაც ანდეს რეფორმების გატარება. რა დამსახურების გამო, არავინ იცის.