„კადრები“ სკინჰედებისთვის: რუსეთში, მოსწავლეებს, პუტინისტურ–ჩეკისტური სულისკვეთებით ზრდიან

  15:35:13     06-06-2012

პუტინის დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. არც ისაა უცხო, რომ პუტინი ცდილობს მსგავსი ჩეკისტური სულისკვეთებით რუსეთის მოსახლეობაც განმსჭვალოს. განსაკუთრებულ აქცენტს, ცხადია, პუტინი და მისი ჩეკისტი მიმდევრები მოსწავლეებზე აკეთებენ.

რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი განყოფილების ცნობით, რუსეთში განსაკუთრებით ძლიერდება მოსწავლეთა „პუტინისტურ–ჩეკისტური“ „პატრიოტიზმის“ იდეებით აღზრდა. თანამედროვე პირობებში, პუტინისა და „ფეესბეს“ მიმართ სიყარულის არსი პატარა რუსი გოგონასთვის ნასწავლ სტალინისადმი სიყვარულის გამომხატველი შემდეგი სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სიტყვა „სტალინი“ „პუტინითაა“ შეცვლილი:

„მე პატარა გოგონა ვარ

ვცეკვავ და ვმღერი.

სტალინი (პუტინი) არ მინახავს,

მაგრამ ის მაინც მიყვარს“

რადიო „თავისუფლების“ ეთერში გამოსვლისას, ბავშვთა „ზომბირების სპეციალისტმა“, „ფეესბეს“ ოფიცერმა, მოსკოვის საქალაქო ფსიქოლოგო–პედაგოგიური უნივერსიტეტის ეთნოფსიქოლოგიისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგემ, ხუხლაევმა აღნიშნა, რომ მოსკოველ მოსწავლეთა გონებაში რეალურად სამი ტრადიციული ტიპაჟი შეიმჩნევა.

პირველი, ეს ის ბავშვებია, რომელთაც პატრიოტული განწყობის ბალანსი მრავლადა აქვთ, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ გააჩნიათ ნაციონალისტური განწყობაც. ეს ბალანსი დროდადრო ინაცვლებს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. სულ უფრო პატრიოტიზმის მხარეს, მაგრამ არც ისე ძლიერად. ჩვენი მონაცემებით, თანამედროვე მოსკოველ მოსწავლეთა 60–70 % ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, თუ დასახელებულთაგან ვინ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. პატრიოტები საკმაოდ ბევრია, ნაციონალისტები კი სხვებთან შედარებით არც ისე ბევრი. მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, მაინც ეს ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი მასაა. კარგი და სწორია ზეიმები, ფესტივალები, ეროვნული სამზარეულო, ჩვევები და ტრადიციები. თუმცა, დაეხმარებიან თუ არა ეს ღონისძიებები მათ პატრიოტული მისწრაფებების ამაღლებაში, აქ დიდი კითხვის ნიშანია დასმული.

მეორე ჯუფი, პირობითად პატრიოტებად წოდებულები შედიან, ხოლო მესამეში – ნაციონალისტები, რომლებიც სხვებთან შედარებით არც ისე ბევრნი არიან. პუტინისტთა მთავარ ამოცანას შეადგენს სწორედ ამ კატეგორიის მოსწავლეთა ჩეკისტური სულისკვეთებით აღზრდა.

თუმცა, საკითხისადმი მსგავსი მიდგომა სხვა, თუნდაც სლავურ ქვეყნებში ნეგატიურ განწყობას იწვევს. კერძოდ, პუტინის მიმართ არც უკრაინელები და არც ბელორუსები დიდ სიყვარულს არ ამჟღავნებენ. კონკრეტულად ამის დასამტკიცებლად ეს მაგალითიც საკმარისია, რაც 1 ივნისს ბელორუსიაში პუტინის ვიზტის დროს მოხდა.

როგორც ცნობილია, მესამედ  გაპრეზიდენტების შემდეგ, ქვეყნის მეთაურის რანგში, ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიზიტი ბელორუსიაში განახორციელა. ვიზიტის წინა დღეს აეროპორტ „მინსკი–2“–დან, მინსკისკენ მიმავალ გზაზე არსებულ ხიდზე  ბელორუსმა ოპოზიციონერებმა ვეებერთელა პლაკატი გამოფინეს, რომლითაც იგი „გარკვეული რუსული მიმართულებით“ გააგზავნეს («Путин, пошел на х..!»).

„ეს ლოზუნგი პუტინის ჩამოსვლისადმი ოფიციალური მისალოცი ტრანპარანტის გვერდით ჰარმონიულად განთავსდა“, – ხუმრობდნენ ამაზე ოპოზიციონერები.

მეტიც, პუტინისა და  ლუკაშენკოსთან შეხვედრა პარტია „ბელორუსიის ნაციონალური ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლიალკოვმა დაგმო და იგი  შეაფასა როგორც „დიქტატორული ინტერნაცინალიზმი“ მოქმედებაში, რომლის მონაწილენიც ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების ჩატარებაში ერთმანეთს მხარს უჭერენ.