კანონს მიტინგების შესახებ იმ ტემპით იღებენ, რა ტემპებითაც საქართველოში ჯარის შემოყვანა გადაწყვიტეს

  13:43:12     06-06-2012

მოსკოვში მღელვარება გრძელდება. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს მიტინგების შესახებ, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს მკაცრი სანქციებით ემუქრება, დუმაში უყარეს კენჭი, დღეს ფედერაციის საბჭოში განიხილავენ.  ამჯერად ის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

 ამის გამო კვლავ გრძელდება პროტესტი პარლამენტის შენობასთან, სადაც „ედინაია როსიას“ აღნიშნული ინიციატივით უკმაყოფილო ადამიანები ჯერ კიდევ წუხელ შეიკრიბნენ. პროტესტის აღსაკვეთად მზადაა პოლიციაც. ფედერაციის საბჭოს შენობასთან ათამდე ავტობუსი და სამართალდამცველები არიან გამაგრებულები. თვალშისაცემია პლაკატი:
„კანონი მიტინგების შესახებ - გზა ფაშისტური სახელმწიფოსკენ“.

ჯერჯერობით პოლიციას მოქმედება არ დაუწყია. სამაგიეროდ, წუხელ, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს დუმაში დაუჭირეს მხარი, შენობასთან შეკრებილი ადამიანებიდან 71 პირი დააკავეს.

დღეს, შესაძლოა, მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდეს.

ფედერაციის საბჭოს პროფილურმა კომიტეტმა უკვე მოუწოდა კოლეგებს იმ კანონპრექტის მხარდაჭერისკენ, რომლითაც უკმაყოფილოა ოპოზიცია, საზოგადოება, მედია და თვით რუსეთის საპრეზიდენტო საბჭოს უფლებადამცველები.

ლუდმილა ნარუსოვამ, რომელიც ოპოზიციონერი ქსენია სობჩაკის დედაა და იმავდროულად ფედერაციის საბჭოს წევრია, კოლეგებს კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ რატომღაც, ძალიან ჩქარობენ აღნიშნული კანონის მიღებას.
„ასეთი სიჩქარე მახსოვს მხოლოდ ერთხე, როცა ჩვენ ჯარების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ვიღებდით“ - განაცხადა მან.

ნარუსოვას მხედველობაში ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების შეყვანა.

დისკუსიაში ჩაერთო პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი მიხაილ ფედოტოვი, რომელმაც ზედა პალატის სპიკერს ვალენტინა მატვიენკოს წერილი გაუგზავნა და კანონის განხილვისგან თავის შეკავება ურჩია.

„ფედერაციის საბჭო ამით დუმის შეცდომას გამოასწორებს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას და საზოგადოებრივი კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს“ - წერს ის. ამასთან, თუკი მაინც ორივე პალატა მწვანე შუქს აუნთებს პროექტს, პრეზიდენტის უფლებადამცველთა საბჭო აპირებს ვლადიმერ პუტინს მასზე ვეტოს დადების თხოვნით მიმართოს.

პუტინს თავისივე განცხადებებს შეახსენებენ, როცა, მაგალითად, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე პეტერბურგში განაცხადა, რომ რუსეთში „ევროპული სამართლის ნორმები უნდა დაინერგოს“. ის სწორედ მასობრივ აქციებთან მიმართებაში საუბრობდა. უფლებადამცველები ბოლომდე აპირებენ ბრძოლას: თუ პუტინი ვეტოს უფლების გამოყენებაზე უარს იტყვის, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდგომ კი ევროპის სასამართლოში  გააპროტესტებენ.