უკრაინაში ეროვნებათაშორისი კონფლიქტების საფრთხე გამოიკვეთა

  11:09:08     06-06-2012

ამის მიზეზი ენის შესახებ კანონპროექტია, რომელსაც მმართველი პარტია არა მარტო პოლიტიკური მექანიზმებით, არამედ მუშტი-კრივით იცავს და მის გატანას ცდილობს.

ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომელიც რუსულ ენას უკრაინის 13 რეგიონში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის წილი 10%-ია, რეგიონალური ენის სტატუსს ანიჭებს. უკრაინის პარლამენტში მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის ამ საკითხზე დაწყებულმა დაპირისპირებამ უკვე რადას კედლებს მიღმა გადაინაცვლა.

ორი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე დაფიქსირდა რიგითი მოქალაქეებისგან შემდგარი ორი მოწინააღმდეგე ბანაკი - ერთნი უკრაინული ენის, მეორენი კი რუსული ენის პოზიციებს იცავდნენ. ამ სტიქიურ აქციებზე დაახლოებით 5000-მდე ადამიანი მოგროვდა.

უკრაინელი ექსპერტები ამ დაპირისპირებაში საფრთხეს ხედავენ, რადგან არცერთი მხარე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. რუსული ენის სტატუსის ამაღლების მომხრეები თვლიან, რომ რუსული ენა უკრაინაში „მშობლიური“ ენაა და მას შესაბამისი ოფიციალური სტატუსი უნდა ჰქონდეს.

უკრაინაში სულ 27 რეგიონია. კანონის მიღების შემთხვევაში მოხდება ისე, რომ რუსული ენა რეგიონალური ენა გახდება 13 რეგიონისთვის, უკრაინული კი მხოლოდ ერთით მეტ - 14 რეგიონში იქნება მთავარი ენა.

რუსული ენის დამცველთა აქციაზე გამოტანილი პლაკატები იუწყებოდნენ, რომ „რუსული ენა უკრაინაში სახელმწიფო ენაა“.

„სიტუაცია საშიშია იმით, რომ კომპრომისის გამონახვა შეუძლებელია. თუ დისკუსია პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს, ის დაარღვევს იმ მყიფე ბალანსს, რომელიც უკრაინაში დამოუკიდებლობის პერიოდში შენარჩუნდა. საზოგადოებრივი თანხმობა 21 წლის მანძილზე ეფუძნება იმას, რომ ენის, რელიგიის და ისტორიის თემები ტაბუირებული იყო. ახლა უცბად დაიწყეს გარკვევა, ვისი ენაა უკეთესი, მნიშვნელოვანი, ღირსეული, დაიწყეს ბრძოლა ენის სტატუსისთვის, გაიხსენეს ძველი წყენები და ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს ეროვნებებს შორის ურთიერთობების გარკვევამდე. პოლიტიკოსები ბოთლიდან ჯინს უშვებენ: თუ საზოგადოება ეროვნული, ენობრივი ნიშნით დაიყოფა, მშვიდობა აღარ იქნება. და ამის მოგვარება ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი“  - ამბობს დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი სერგეი ტარანი.

ექსპერტები კიევში არ გამორიცხავენ, რომ მმართველი რეგიონების პარტია „დაამუხრუჭებს“ და არ იჩქარებს „საშიში კანონპროექტის“ საბოლოოდ დამტკიცებას. ეს ელექტორატის თემას უკავშირდება. პოლიტოლოგი ანდრეი დემარტინო ამბობს, რომ „ენობრივი კანონმდებლობის“ ინიციატივის მიზეზი უცხადესია - ეს რეგიონების პარტიისთვის ელექტორატის მობილიზიაციის მიზნით ხდება. ვიქტორ იანუკოვიჩს რუსულენოვანი მოსახლეობის იმედი აქვს, რომლებსაც ის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაპირდა, რომ მათ პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებდა და რუსულ ენას ღირსეულ სტატუსს მიანიჭებდა.