ცხინვალში პოლიტიკური გარჩევები მუშტებით დაიწყო

  09:05:55     06-06-2012

მიუხედავად იმისა, რომ ალა ჯიოევასა და მის მომხრეებს გარკვეული თანამდებობები ჩამოურიგეს, ცხინვალის რეგიონში, ეტყობა კოკოითის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მაინც გაგრძელდება. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ინციდენტი, რაც ორიოდე დღის წინ ცხინვალის ერთ–ერთ კაფეში მოხდა. იმ დღეს აქ ერთმანეთს წინასაარჩევნო რბოლიდან მოსკოვის მითითებით მოხსნილი, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჯამბულატ თედეევის მომხრე, გოჩა თედეევი და ე.წ. გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებელი, ალან პლიევი ერთმანეთს შეხვდნენ და ეს უკანასკნელიც თედეევმა განსაკუთრებულად მიბეგვა.

სწორედ ეს ინციდენტი გახდა ცხინვალში ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების მიზეზი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მომხდარში ირიბად თვით „პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვიც კი დადაანაშაულეს.

მომხდარის თაობაზე ორი ვერსია არსებობს. როგორც ამბობენ, ერთი მათგანი კაფეში დაბადების დღეზე იყო მიწვეული, მეორეს კი უბრალოდ, ნაცნობებმა დაუძახეს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, თვითმხილველთა თქმით, თედეევი პლიევს მუშტებით „გაუმასპინძლდა“. თითქოს, ამ უკანასკნელმა მას პასუხი არ გასცა და მაშინვე ექსპერტიზისკენ გასწია ჩალურჯებული ადგილების დასაფიქსირებლად. თუმცა, მეორე ვერსიით, სწორედ პლიევი მეტად აგდებულად მოექცა გოჩა თედეევს და მანაც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, მაშინვე მუშტები აამუშავა.

მსგავსი გარჩევები ცხინვალელ ახალგაზრდებს შორის იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ამ უკანასკნელს, პოლიტიკური შეფერილობა რომ აქვს, აშკარაა. თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ალან პლიევი გახლდათ „გენპროკურატურის“ ის გამომძიებელი, რომლის 9 თებერვლის ალა ჯიოევას შტაბში ვიზიტის შემდეგ დაიწყო ამ შენობის  შტურმი, რასაც ოპოზიციის ლიდერის ორთვიანი ჰოსპიტალიზაცია და მისი, ასე ვთქვათ, შინაპატიმრობა მოჰყვა. ამას გარდა ალან პლიევი სწორედ ის გამომძიებელია, რომელსაც ჯამბულატ თედეევის საქმე მიჰყავდა და მას გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა.

ყოფილი ოპოზიციის მომხრეთა ის ნაწილი, ვინც გოჩა თედეევს კარგად იცნობს, ამბობს, რომ პლიევს ამას არ შეარჩენენ. მართალია, გოჩა თედეევი ამ ინციდენტის გამო დააკავეს, მაგრამ ახლა გაუსვლელობის ხელწერილით გამოშვებულია. თუმცა, გამოძიება გრძელდება. ჯიოევას პარტიის „ოსეთი – თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები გაიძახიან, რომ  „გენპროკურატურას“ საქმის გამოძების საშუალებას არ მისცემენ.

ამჟამად გოჩა თედეევის წინააღმდეგ საგამომძიებლო ღონისძიებები ტარდება. ცხინვალური სისხლის სამართლის კოდექსის 318–ე მუხლითაა საქმე აღძრული. მას ჯარიმის სახით ან 200 ათასი რუბლის გადახდა მოუწევს, ან 6 თვიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

4 მაისს ცხინვალში თავად ჯამბულატ თედეევიც იყო ჩასული, თუმცა, „გენპროკურატურის“ თანამშრომელთა თქმით, ის მათ უწყებაში არ გამოჩენილა და არც ვინმეს დალაპარაკებია მომხდარის გამო. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ასე დასრულდება და მას გაგრძელება არ მოჰყვება.