ჰილარი კლინტონი: საქართველო მომავლის რწმენის მაგალითია

  20:10:27     05-06-2012

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით საქართველო მომავლის რწმენის მაგალითია.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ბათუმში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ვრცლად ისაუბრა საქართველო-ამერიკის თანამშრომლობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ როგორც აშშ-ის, ისე მისი პირადი მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს მტკიცე ნება, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

-ქართული საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიისადმი ურყევია. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ვარდების რევოლუციის დროს და დღესაც შეიგრძნობა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ქართველი ერის თავისუფალ ნებას წარმოაჩენს. მე მივესალმები თქვენს სწრაფ გამოხმაურებას ჩვენს მოთხოვნაზე - არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებელების მისიების მოვლენასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად ტრანსპარანტული და გამჭვირვალე იყოს - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ქვეყანაში დემოკრატიის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ცვლილებებს აუცილებლად მოიტანს.

-ჩვენ გვყავს პირდაპირ არჩეული მერი და საკრებულოს წევრები, ასევე პარლამენტი გადავიტანეთ ქუთაისში. აქცენტს ვაკეთებთ ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ნაკლებად ინდივიდებზე. საქართველოში დემოკრატიის გამტკიცების პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში ხალხის არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაიწყო დიალოგი საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, რაზეც იანვარში გამართულ შეხვედრაზე თეთრ სახლში თავად ბარაკ ობამამ ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერისათვის, ამ მხარდაჭერის მაგალითად  კი სააკაშვილმა ნატოს ჩიკაგოს სამიტი და მასზე მიღებული კომუნიკე მოიყვანა; ასევე საქართველოს შეყვანა ბალკანური ქვეყნების რიგში, რომლებიც ალიანსის წევრობის კანდიდატები არიან.

თავის მხრივ, ჰილარი კლინტონმა საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობასა და სამომავლოდ მის კიდევ უფრო გარღმავებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ აშშ ერთგულია თავისი პოზიციისა - ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ კონტექსტში კლინტონმა დღეს კონკრეტული წინადადებაც გააჟღერა. მან აღნიშნა, რომ აშშ აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში და მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ნეიტრალური პასპორტების მქონე ადამიანებს აშშ-ში გზა გაუხსნას. ისინი ამ პასპორტების აღების შემთხვევაში მოგზაურობას ან სასწავლებლად წასვლას შეძლებენ.

ჰილარი კლინტონის თქმით, აშშ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირება და მოდერნიზებაა. –ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, თავი დაიცვას ტერორიზმისა და ტერეფიკინგისაგან.  შეხვედრაზე ვისაუბრეთ ISAF-ის სამშვიდობო მისიაზე. ქართველი ჯარები მამაცურად იბრძვიან აშშ-ს ძალებთან ერთად ავღანეთში. ვაფასებთ მათ გამბედაობასა და თავდადებას. საქართველო დიდი წვლილის შემტანია ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებაში,- განმარტა კლინტონმა. მისივე განცხადებით, თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მხარეები თავდაცვის საკითხებზე შეთანხმდნენ.

–აშშ-ს სამხედრო ძალები ქართველ ჯარისკაცებს ტრეინინგს უტარებენ. მზად ვართ გავუწიოთ მონიტორინგი სახმელეთო და საჰაეო სივრცეს. ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება,- განაცხადა ჰილარი კლინტონმა და აქვე დასძინა, რომ ქვეყნის წარმატება დემოკრატიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დადგება, ვინაიდან ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას.

–მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.  2013 წელს  ხელისუფლების გადაცემა  დემოკრატიულად უნდა მოხდეს. ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს,- დასძინა ჰილარი კლინტონმა.

მისი თქმით ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ რუსული აგრესიის ფონზე საქართველომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნოს მსოფლიოს.

–ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში არის არჩევნები და რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს. იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე თავად საქართველოში მოხდება და ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებით ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში,- განაცხადა კლინტონმა.

და ბოლოს. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების ნათელი მაგალითია თუნდაც, იუსტიციის სახლი, - სადაც პრესკონფერენცია მიმდინარეობდა.

-ჩვენ ახლა იუსტიციის სახლში ვიმყოფებით, რომელიც ნათლად მეტყველებს, თუ რა პოზიტიური ცვლილებები განიცადა საქართველომ. მინდა გითხრათ, რომ ახალი დემოკრატიული ქვეყნები საქართველოს დიდი იმედით უყურებენ. მათ სურთ გაიგონ, როგორ მიაღწია საქართველომ ამ მცირე დროში მსგავს წარმატებას,- განაცხადა კლინტონმა.

ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთგვარი შეჯამება მოახდინა და განაცხადა, რომ ამ ვიზიტისას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა გზავნილმა გაიჟღერა.

კერძოდ: თავდაცვის სფეროში გამოცხადდა პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.  ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც საქართველო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისთვის გამოსცემს. ეს კი ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, არ აიღონ იძულებით რუსული პასპორტები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ. და მეასამე -ნათლად ითქვა, რომ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდნეობის დამკვირვებლებს გამოგზავნიან,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, რაც არ მისცემს საშუალებას შიდა მანიპულაციის მსურველებს, საქართველო სწორ გზას ააცდინონ.