
მასობრივი პროტესტი უკრაინაში - დემონსტრანტები საკუთარ ენას იცავენ
17:08:09     05-06-2012
უკრაინის რადა ისევ დემონსტრანტებითაა გარემოცული. მასობრივი აქცია ამჯერად ენის შესახებ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც რუსული ენისათვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
დღეს რადაში აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა გაიმართა. მოსალოდნელი პროტესტის მოლოდინში, მმართველმა რეგიონების პარტიამ რადას შენობასთან თავისი მხარდამჭერები მიიყვანა. დილიდან მოგროვდა პარლამენტთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა და ოპოზიციის მხარდამჭერთა რამდენიმეათასიანი არმიაც.
კანონპროექტის განხილვა რადას შენობის გარეთ მღელვარების ფონზე წარიმართა. დოკუმენტის ოპონენტები გრძელვადიანი აქციითა და კარვების გაშლით იმუქრებიან. პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოხდა. ქალაქ კიევის საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატის ალექსანდრ ბრიგინეცის ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ნეკნები სპეცრაზმ „ბერკუტსა“ და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ჩაუმტვრიეს. მისივე თქმით, დაზარალებულთა რაოდენობა მატულობს, - ისევე როგორც, უკრაინის ქუჩებში - სპეცრაზმის თანამშრომელთა რაოდენობა.
ხელისუფლება, როგორც ჩანს, პროტესტისთვის სათანადოდ მოემზადა. სხვადასხვა უკრაინული გაზეთების ცნობით, აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც კი ჰქონდათ მომზადებული.
პირველ მოსმენაზე კანონპროექტს 450-დან 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტის თანახმად, რუსულ ენას, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში - სადაც რუსულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა 10% შეადგენს, რეგიონალური ენის სტატუსი ენიჭება. ანუ კანონის ამოქმედების შემდეგ რუსული ენა ოფიციალურ სტატუსს ქვეყნის 13 რეგიონში შეიძენს. როგორც პრესა.ჯი რამდენიმე ხნის წინ იუწყებოდა, აღნიშნული ინიციატივის წარდგენას რადაში ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებმა ერთმანეთი სხდომათა დარბაზში სცემეს.
ამჯერად ოპოზიცია დანებებას არ აპირებს და უვადო აქციას იწყებს, რათა კანონის მიღება არ დაუშვას.
„აქცია იქნება უცადო და ის ჩატარდება არა მარტო კიევში, არამედ ყველა რეგიონში“ - აცხადებენ იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრი ოპოზიციონერ დეპუტატები. კიევის ქუჩებში ოპოზიცია უკვე სააგიტაციო ბანერებს დგამს. ისინი ამბობენ, რომ მოატყუეს. პლენარულ სხდომაზე აღნიშნული სადაო პროექტი მესამე საკითხად უნდა გაეტანათ. თუმცა ის მეორე საკითხად გადაიტანეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი ეს ვერ გაიგეს და პროექტის განხილვას ხელი ვერ შეუშალეს. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტი ამ კანონის მიღებით ერთგვარ ხარკს, რამდენადაც მან, რუსული ენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების პირობა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო.